აზერბაიჯანში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, სამგლოვიარო ცერემონია პირის გარდაცვალებიდან სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ამის შემდეგ აღინიშნება გარდაცვალებიდან მე-7 და მე-40 დღეები. ცერემონიის ფარგლებში გათვალისწინებულია ქელეხი, როდესაც სამძიმარზე მისულ ადამიანებს უმასპინძლდებიან ჩაითა და საკვებით.
სამგლოვიარო რიტუალის ფასი საშუალოდ 5-დან 6 ათას მანათამდეა (4-დან 5700 აშშ დოლარამდე), თუმცა VIP სერვისის ფასი 10 ათას მანათამდეც (9500 აშშ დოლარი) აღწევს.
ბაქოში მოქმედ მეჩეთ “თეზე პირ”-ის სარიტუალო დარბაზში გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარზე მისული ერთი ადამიანის გამასპინძლება 11-15 მანათი დაუჯდება. თითოეულ რიტუალს საშუალოდ 300 ადამიანი ესწრება. მოლას (მუსლიმთა რელიგიური მსახური) ანაზღაურება 100 მანათიდან იწყება.
სამგლოვიარო რიტუალებისთვის შესაძლებელია კარვების დაქირავებაც, რომელიც აღჭურვილია მაგიდებით, სკამებით, ჭურჭლით. ერთი დღით კარვის დაქირავების ფასი 1000 მანათიდან იწყება.
აზერბაიჯანის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მუბარიზ ყურბანლი ასეთი რუტუალების ჩატარების წინააღმდეგია. საინფორმაციო სააგენტო Trend.az-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს ისლამის რელიგიას ეწინააღმდეგება: “ეს არის მფლანგველობა. ამასთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ 2008 წელს გამოსცა ფათვა (რელიგიური ბრძანებულება), რომ ეს არ შეესაბამება ისლამის კანონებს”. თავის მხრივ, მედიაში ამ საკითხზე არაერთი განცხადება გაავრცელა კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ, შედეგად კი, აზერბაიჯანის რეგიონებში დაიწყეს “ძვირადღირებული” სამგლოვიარო რიტუალების აკრძალვა.
ულვია ალიევა შამქირის რაიონში ცხოვრობს. მას მამა სექტემბერში გარდაეცვალა. ულვია ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ სამგლოვიარო რიტუალის დროს მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ პრეზიდენტის ბრძანებით აკრძალულია რიტუალის დროს სამძიმარზე მისული ადამიანების გამასპინძლება საკვებით, თუმცა ასეთი ბრძანება რეალურად არ არსებობს:
“მათ გვაიძულეს, რომ მთელი საკვები აგვეღო სუფრიდან. შემდეგ მოლას ემუქრებოდნენ, რომ თუკი ის დარბაზში საკვებით შემოვიდოდა, 2000-3000 მანათით დააჯარიმებდნენ. შოკში ვიყავით, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო”.
ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრძალავენ ხალხს სამგლოვიარო რიტუალის ფარგლებში ქელეხის გამართვას, ჩვენთან საუბარში ბარდის რაიონის მცხოვრებმა ფახლივან საფაროვმაც დაადასტურა.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესაუბრნენ ხალხს ამის შესახებ. მოლებსაც ეშინიათ, როცა მაგიდაზე საკვებია და ისინი აღარ მოდიან რიტუალის შესასრულებლად. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, არ დაეძახა მოლასთვის და ისე ჩაეტარებინათ რიტუალი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია იაფიანი და არა ძვირადღირებული სუფრის გაკეთება”.
კაზახის რაიონის მცხოვრები ისმაილ სულეიმანოვი ეთანხმება ასეთ აკრძალვებს: “ადამიანს, რომელსაც ახლობელი გარდაეცვალა, ამ რიტუალებში თავისი მწუხარება ავიწყდება. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მოვა ბევრი სტუმარი, რომლებიც უნდა უზრუნველყოს საკვებითა და ჩაით”.
გასული წლის სექტემბერში ქალაქ სუმგაითის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ელდარ აზიზოვმა აკრძალა ქალაქში სამგლოვიარო რიტუალის დროს საკვებით გამასპინძლება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ ჩაით გამასპინძლება, ხოლო თუკი სუფრაზე იქნება ხილი, ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტი, ისინი ექვემდებარება კონფისკაციას, რომელიც დაურიგდება ბავშვთა და მოხუცთა სახლებს.
სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ექსპერტი ვაჰიდ მახარემოვი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვები აისახა ბაზრის ფასებზე და განსაკუთრებით ხორცი გაიაფდა:
“ყოველ წელს სამგლოვიარო რიტუალებისა და ქელეხებისთვის გამოიყენებოდა 200 ათასი სული მსხვილფეხა საქონელი, მაგრამ ახლა ეს მაჩვენებელი განახევრდა, რამაც ხორცი გააიაფა. ხოლო ამან პრობლემები შეუქმნა ფერმერებს, რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ”.
![]() | სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |