Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილები დაიღალნენ ბინების ლოდინით – ელიკო ბენდელიანი

3 სექტემბერი, 2019 • 5317
დევნილები დაიღალნენ ბინების ლოდინით – ელიკო ბენდელიანი

რატომ ესაუბრება ხელისუფლება დევნილებს ულტიმატუმის ენით და რა პრობლემის წინაშე დგანან დევნილები დღეს ყველაზე მეტად, ამის შესახებ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი გვესაუბრება.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან მოვისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ის დევნილები, რომლებიც სხვის საკუთრებაში “იჭრებიან”, ყოველთვიურ შემწეობას 45 ლარის ოდენობით ვეღარ მიიღებენ. ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით, დევნილთა ჯგუფებში, გაბრაზება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რატომ ესაუბრება ხელისუფლება დევნილებს ულტიმატუმის ენით? 

განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაცის წახალისებით იჭრებინ დევნილები სხვის საკუთრებაში, არასწორია და ზრდის დევნილთა მიმართ აგრესიას საზოგადოებაში, დევნილის იმიჯი კიდევ უფრო უარესდება და მათ გარიყულობასაც უფრო უწყობს ხელს. ფინანსური შემწეობის შეწყვეტით სპეკულირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია.

ელიკო ბენდელიანი

დევნილები ისედაც დაიღალენენ ამდენი წელი ბინების ლოდინით. დღემდე ბევრი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ჩვენი პროექტების ფარგლებში ბევრს დავდივარ რეგიონებში, დევნილების ჩასახლებებში. წარმოდგენაც კი რთულია, 25 წელი როგორ ცხოვრობს ეს ხალხი მსგავს პირობებში. ამ ყველაფერს კი უსამართლობის განცდა ემატება, რომ საცხოვრებელს ვერ იღებენ.

მე არ ვამბობ და, მით უმეტეს, ვამტკიცებ, რომ ვინმეს უსამართლოდ გადასცეს ბინა, თუმცა, როდესაც ერთი ხედავს, რომ მის მეზობელს ან ახლობელს მისცეს, უსამართლობის განცდა უჩნდება, რადგან ოდესღაც ყველამ დაკარგა სახლი და ყველას ერთნაირად ეკუთვნის ის. 

სწორედ ამიტომ ფიქრობენ დევნილები, რომ რაღაც უნდა გააკეთონ, თუნდაც რადიკალური ნაბიჯი გადადგან. ამან განაპირობა ის, რომ “შეჭრა” დაიწყეს, რასაც არ ვამართლებ, თუმცა ულტიმატუმის რეჟიმში საუბარი შეურაცხმყოფელია მათთვის.

რა არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როგორ უნდა დააკმაყოფილოს ყველა დევნილი, როდესაც ეს ყველაფერი დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული? 

კი, მნიშვნელოვნად დაჩქარდა პროცესი, ქულების სისტემაც შემოვიდა, მაგრამ არ არის საკმარისი ტემპები. სახელმწიფომ სწრაფ განსახლებაზე უნდა იმუშაოს. ეს არის ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი.

დიახ, ჩვენს სახელმწიფოს აქვს კეთილი ნება გამოვლენილი, რომ დააკმაყოფილებს ყველა დევნილს, მაგრამ ეს არ არის რამით გამყარებული ინფორმაცია.

განსახლების პროცესი კი მიმდინარეობს, თუმცა, ნელი ტემპით და, ამავე დროს, უმრავმა ოჯახმა არ იცის, მომავალ წელს გამოიყოფა თუ არა ბიუჯეტიდან ბინების თანხა, რამდენი გამოიყოფა, რამდენი დევნილი და ვინ დაკმაყოფილდება. გამოსავალი ერთია, ყველა ადამიანს, ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს დაახლოებითი ინფორმაცია მაინც, როდის მიიღებს ბინას.

აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს – დევნილთა ოჯახები მრავლდებიან, შესაბამისად, სახელმწიფო გადასცემს ბინებს და კიდევ ბევრი ახალი ოჯახი ჩნდება მომლოდინეთა სიაში. ასე პროცესი არასოდეს დასრულდება. 

“დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები გამაგრდნენ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

უნდა მოხდეს დევნილთა ერთიანი განსახლება. მესმის, რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული სახელმწიფოსთვის, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი – ეს შეიძლება იყოს წილობრივი შესყიდვები, თანადაფინანსება. 

თუ ეს პროცესი სწრაფად განხორციელდება და დევნილთა დღეს არსებული რაოდენობა მიიღებს ბინებს, უკვე ოჯახების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, ეს აღარ აისახება გასაცემი ბინების რაოდენობაზე. არსებული ტემპებით კი იმავე წრეზე მივდივართ და პროცესს ბოლო არ უჩანს. 

ერთი და იგივე ადამიანები წლებია დაუსრულებლად ელოდებიან ბინებს. ამიტომ ერთიანად უნდა შეფასდნენ და იცოდნენ ამ ადამიანებმა რიგითობა, რამდენ წელში მოუწევთ საცხოვრებლის მიღება. 

ამ მდგომარეობაში კიდევ ულტიმატუმებით საუბარი, კიდევ უფრო ამძაფრებს და ურთულებს მათ მდგომარეობას, სტიგმატიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს. სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება ეს სტიგმატიზაციაც, აგრესიაც დანარჩენი საზოგადოების მხრიდან. თუნდაც მედიაში თემების გაშუქება ავიღოთ მაგალითად, დევნილები დღემდე წარმოჩინდებიან ადამიანებად, რომლებიც იჭრებიან სხვის საკუთრებაში, უწევთ ბრძოლა რაღაცის მოპოვებისთვის.

როდის საუბრობენ პოლიტიკოსები, მედია, საზოგადოება დევნილებზე? მაშინ როდესაც ინციდენტებია, – სადმე იჭრებიან. 

ამ პირობებში დევნილთა ინტეგრაციაზე საუბარი რამდენად შეგვიძლია?

ძალიან რთულია, როდესაც არ გქვს ადგილობრივებთან თანასწორი სასტარტო პირობები, მოხდეს თუნდაც ინტეგრაცია დანარჩენ საზოგადოებასთან. დევნილს სულ აქვს განცდა, რომ ჩემოდანზე ზის, რომ აქედანაც გაასახლებენ, არ იცის, სად გაასახლებენ, როდის გაასახლებენ. მუდმივი ჰაერში ყოფნის განცდა  ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს.

ეს პრობლემა კი იქამდე არ მოგვარდება, სანამ სახელმწიფოს მიდგომა არ შეიცვლება და დევნილთა განსახლების პროცესი არ დაჩქარდება. მხოლოდ ულტიმატუმით და შეშინებით ამ პრობლემის მოგვარება არ მოხდება. 

ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ეს საკითხი. 

იმის მიუხედავად, რომ დევნილთა ბინების მშენებლობისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტი და, შესაბამისად, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ყოველწლიურად საცხოვრებელს იღებს, გაიზარდა, მაინც არსებობს განცდა, რომ დევნილთა პრობლემები საზოგადოებაში მივიწყებულია. მათ შორის, დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც ვგრძნობთ ამ დამოკიდებულებას. ეს გასაგებიცაა,  25 წელზე მეტია გასული და გარკვეული დაღლილობა არსებობს, თუნდაც დევნილთა ინტეგრაციაზე, ფსიქო-სოციალური მიმართულებებით მუშაობის კუთხით. 

აქტიურად ვმუშაობდით დევნილთა საჭიროებების ადვოკატირებაზე, ასევე გვქონდა ინტეგრაციის პროექტები. რეგიონებში კომპაქტურ დასახლებებს ვსტუმრობთ. როდესაც მივდივართ და ვეკითხებით, როგორ ხართ, ესეც კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვერ წარმოიდგენთ, რა სიტუაციაში უწევთ იქ ცხოვრება, ეს შეეხება ჰიგიენურ მდგომარეობას, სასმელ წყალს და ა.შ. მე არ მომწონს ჩასახლებები, ეს არ უწყობს ხელს ინტეგრაციას. ხშირ შემთხვევაში- პირიქით.

რა თქმა უნდა, კერძო სექტორში გაფანტული დევნილი ოჯახებიდან ბევრი წარმატებულია დღეს, მაგრამ აპელირება იმაზე, რომ აი, ნახეთ, რა კარგად არიან დევნილები და არაფერი უჭირთ, ეს არის არასერიოზული იმიტომ, რომ ამ წარმატებული დევნილების გვერდით არიან ისინი, ვისაც ძალიან სჭირდება დახმარება. 

თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია დევნილთა შეფასების კრიტერიუმები?

ის კრიტერიუმები, რომლებიც არსებობს განსახლებაზე, დევნილებში უსამართლობის განცდას იწვევს იმიტომ, რომ არასოდეს დგება იმ ადამიანების რიგი, ვინც დღე და ღამე მუშაობს, ცდილობს სოციალურად დაუცველი არ იყოს, შვილები არჩინოს და ა.შ. იმიტომ, რომ ისინი დასაქმებული არიან. თუმცა ამ ხალხს იმდენი შემოსავალიც არ აქვთ, რომ საკუთარი ძალებით იყიდონ უძრავი ქონება, მაგრამ აქვთ იმდენი, რომ არ იყვნენ ყველაზე გაჭირვებული. ამიტომ ხშირად იღებენ ბინებს ისინი, ვინც სრულიად სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული, არ მუშაობენ. ისინი კი, ვინც მუშაობს და ცდილობს არ იყოს შემწეობაზე დამოკიდებული, მისი რიგი არასოდეს დგება. 

რა თქმა უნდა, რიგითობის დაცვა აუცილებელია, მაგრამ იმის თქმა, რომ ყველაზე გაჭირვებულებს მივცეთ და სხვებს არა, ეს არის არასწორი. 

ამიტომ, სრულად განსახლების პროექტების გარდა, თანადაფინანსების პროგრამებიც რომ დაიწყონ, კარგი იქნება.  სოფლად სახლის პროგრამაც კარგია და ამის მასშტაბის გაზრდა შეილება. ბევრნაირი გზა არსებობს. მაგალითად, შეღავათიანი კრედიტები. დღეს არსებობს მსგავსი პროგრამა, თუმცა, ჩემი აზრით, ხარვეზებით, რადგან იპოთეკით ყიდვის დროს მხოლოდ იმათ ეხმარებიან, ვისაც წინა წლის დეკემბრამდე აქვს ბინა ნაყიდი სესხით. 

ეს არის უსამართლო დევნილების გადმოსახედიდანაც. თუ არ ეცოდინება ადამიანს, რომ სახელმწიფო ეხმარება, ვერ გარისკავს იყიდოს. საბოლოო ჯამში, ამ კონკრეტული პროგრამით გამოდის, ვისაც არ ქვს სახელწიფოს იმედი და იცის, რომ გადაიხდის, ისევ იმას ეხმარებიან და ვინც სახელმწიფოს გარეშე ვერ იღებს სესხს – იმას არა. 

ამიტომ წინასწარ უნდა იცოდნენ თანადაფინანსების შესახებ.  ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად არის მისაღები. 

დევნილთა სამინისტროს გაუქმებაზეც მინდა გკითხოთ, საერთო შედეგების კუთხით, რამდენად მიზანშეწონილი იყო ეს გადაწყვეტილება თავის დროზე?

ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ისედაც დიდი სამინისტროა, თავისი სოციალური და შრომის საკითხებით, დევნილთა პოლიტიკური ხმა ვეღარ ხდება – თუნდაც მთავრობის სხდომებზე, სადაც დევნილთა მინისტრის სახით საკუთარი ხმა ჰყავდათ მთავრობაში და მეტ-ნაკლებად,მათ საჭიროებებზე საუბრობდა და ასაბუთებდა. 

დღეს რაიონებში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამმართველოები არ არის და ინფორმაციის მუდმივი დეფიციტი აქვთ დევნილებს – არ იციან, ვის და სად უნდა მიმართონ. მოწყვეტილი არიან საინფორმაციო ველს. ინფორმაციის მიღების მსურველთა რაოდენობა არაპროპორციულია  ინფორმაციის გამცემთა რაოდენობასთან.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი