ახალი ამბები

“ეს არის ძალადობა პოლიტიკაში” – კორძაია გახარიას პრემიერობაზე

3 სექტემბერი, 2019 • 1891
“ეს არის ძალადობა პოლიტიკაში” – კორძაია გახარიას პრემიერობაზე

“ეს არის ძალადობა პოლიტიკაში, ეს არის ძალადობა ადამიანებზე, რადგან ბიძინა ივანიშვილი თითოეული მოქალაქის ღირსებას შეეხო, პრემიერ-მინისტრად მოძალადე მოიყვანა”, – ასე ეხმაურება რესპუბლიკელი თამარ კორძაია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.

თამარ კორძაია დღეს “ქართული ოცნების” ოფისის წინ გამართულ აქციაში, სახელწოდებით “სირცხვილია” მონაწილეობდა:

“2 დღეა სასოწარკვეთილები ვზივართ ტელევიზორთან და ველოდებით ერთ სერიოზულ არგუმენტს მაინც, თუ რატომ გაუშვეს ბახტაძე და რატომ მოჰყავთ გახარია. ვერ მოვისმინეთ ეს. დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ნებაა, მას უნდა ასე, მას უნდა დაამციროს საკუთარი მოქალაქეები, უთხრას, რომ თქვენ არავინ და არაფერი ხართ, მე რასაც გადავაწყვეტ, ისე იქნება… სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. გუშინ ახალგაზრდა პრემიერი გველაპარაკა ისე, რომ მე ავაშენე ქვეყანა და ახლა თქვენ გიტოვებთ, ამიერიდან თქვენ მიხედეთო. დღეს ივანიშვილი გამოვიდა და წარმოადგინა პრემიერად ადამიანი, რომელიც პრინციპულად მიუღებელია საზოგადოებისთვის. ის კი არა, რომ მინისტრად დატოვა, პირიქით, დააწინაურა, ყველას უთხრა, თქვენ არავინ, არაფერი ხართო, თუ მე ვისურვებ, ეს ასე იქნებაო”, – ამობობს კორძაია ნეტგაზეთთან საუბარში.

ყოფილი დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნება” ერთი მხრივ, საუბრობს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე, თუმცა, მეორე მხრივ, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირების დონეს არათუ შეამცირებს, არამედ პირიქით, გააძლიერებს.

“პოლარიზაციის გაძლიერებაა ეს ზუსტად: მოიყვანა პრემიერის რანგში გახარია, დააბრუნა ღარიბაშვილი, გომელაური შს მინისტრად. ეს იმას ნიშნავს, რომ მან შემოიკრიბა ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ მონური ერთგულებით გამოირჩევიან. ის გამოაცხადებს დაუნდობელ ომს ოპოზიციასთან, აქ არ იქნება დიალოგი, საუბარია რეპრესიებსა და განსხვავებული აზრის დევნაზე. ეს არის დიდი პრობლემა”, – ამბობს კორძაია. ის ელის, რომ 2020 წლის არჩევნები ხელისუფლების მხრიდან “ძალადობის და რეპრესიების ფონზე” ჩაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი