ახალი ამბები

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

3 სექტემბერი, 2019 • 2532
ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გახარია პრემიერის პოსტზე თავად შესთავაზა “ქართული ოცნების” გუნდს და მიიღო სრული მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური საბჭოსგან, ისე – უმრავლესობისგან. “ოცნების” ლიდერმა ასევე თქვა, რომ გახარიამ წარმატებულად შეასრულა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები ყველა წინა თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ოფისთან იმართება აქცია “სირცხვილია”, რომლის მონაწილეებიც უკვე 2 თვეზე მეტია, მართავენ აქციებს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო გიორგი გახარია და თუ გახარია ახალი პრემიერი იქნება, ეს იქნება მისი დაწინაურება და, შესაბამისად, მთელი გუნდი იქნება პასუხისმგებელი მის ქმედებებზე.

გიორგი გახარია 1994 წლიდან 2013 წლამდე სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში, რუსეთში. მან საქართველოში 2013 წელს ბიზნესომბუდსმენად დაიწყო მუშაობა და ამ პოზიციას 2016 წლის ივლისამდე ინარჩუნებდა. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან კი ეკავა ვიცეპრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ თავად ხელმძღვანელობდა თბილისში 20-21 ივნისის აქციის დარბევას, რა დროსაც არაერთმა ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელების ნასროლი რეზინის ტყვიებით კი დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი.


მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან შეასრულა ის მისია, რისთვისაც პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა და ამიტომ ტოვებ თანამდებობას. როგორც უკვე ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ეს მისია იყო ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩო-სახელმძღვანელოს შექმნა.

მე არ მინდა ვიყო დაკავებული აქტიური პოლიტიკით – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი