ახალი ამბები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭრა

25 თებერვალი, 2015 •
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას რვა დეპუტატი ესწრებოდა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა შვიდმა დეპუტატმა მიიღო, ხუთმა მათგანმა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ორი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობლი.

 

იურუდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს  ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და პოზიციები გააცნო. მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების გაუმჯობესება, სასამართლოს ღიაობა, გარე კონტროლის მექანიზმების ჩართვა, მედიასთან ურთიერთობა და სხვა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს კომიტეტის წევრებმა შეკითხვებიც დაუსვეს. გვენეტაძემ განაცხდა, რომ კმაყოფილია შედეგით, ვინაიდან “წამყვანმა კომიტეტმა, ფაქტობრივად, მიმართულება მისცა პროცესს”. მისი თქმით, დასმული კითხვები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 

“კითხვები იყო ძალინ საინტერესო. მე, გარკვეულწილად, ამ კითხვებზე, ბუნებრივია, ნაფიქრი მაქვს არა მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც კანდიდატი გავხდი, არამედ იმ პროცესში, როდესაც მე უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ვმუშაობდი და ვმონაწილეობდი ბევრი საკითხის მომზადებაში. ამიტომ ეს კითხვები არ იყო მოულოდნელი და მეც შევეცადე ჩემი დასაბუთებული პოზიციები წარმომეჩინა”, – განაცხადა გვენეტაძემ.


ნინო გვენეტაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნინო გვენეტაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; ფოტო: საქართველოს პარლამენტი

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ გვენეტაძის კანდიდატურას არც მხარი დაუჭირა და არც საწინააღმდეგო პოზიცია გამოუხატავს.

 

“უმრავლესობაში არ დამთავრებულა ამ თემაზე კონსულტაციები, პოზიცია ჩამოყალიბებული საბოლოოდ არ არის. ამიტომაც ყველაზე სწორ პოზიციად ჩავთვალე, არც მხარი დამეჭირა და არც საწინააღმდეგო პოზიცია გამომეხატა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა, რომელიც იმ 28 კანდიდატს შორის იყო, ვინც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინეს.

 

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა კანდიდატის გამოსვლით, ქუცნაშვილმა უპასუხა:

 

“მე არ ვარ პედაგოგი, რომ შევაფასო გამოსვლები”.


კანდიდატისთვის შეკითხვების დასმის პროცესი ხმაურით წარიმართა. კომიტეტის წევრების შემდეგ, გვენეტაძისთვის შეკითხვების დასმის სურვილი გამოთქვეს კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ, რომლებიც ასევე იყვნენ იმ 28 კანდიდატს შორის, ვინც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინეს. ვახტანგ ხმალაძემ მათ კითხვების დასმის უფლება არ მისცა, რამაც იურისტების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.



ვახტანგ ხმალაძის ქმედება არასწოდ გადაწყვეტილებად შეაფასა ზაქარია ქუცნაშვილმა.


“კომიტეტის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ არ მისცა კითხვების დასმის საშუალება მოქალაქეებს, რომლებმაც, როგორც თვითონ ბრძანა, წერილობით მიმართეს მას რამდენიმე დღით ადრე, მითუმეტეს კანდიდატებს, არამგონია, მთლად სწორი გადაწყვეტილება იყოს. კომიტეტი ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც შეუძლიათ ჩვენ მოქალაქეებს თავისი აზრი გამოხატონ, შეკითხვები დასვან”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.


ხმალაძის თქმით კი, ის ორი დღის წინ ტელეფონით ესაუბრა კობაიძეს იმ საკითზე, რაზეც იურისტს კომიტეტის სხდომაზე უნდოდა საუბარი.


“ეს არ ეხება წარმოდგენილ კანდიდატურას, ეხება პროცედურულ საკითხებს. ანუ, მას მიაჩნია, რომ მთელი პროცესი არის არაკონსტიტუციური და მე მას განვუმარტე, რომ ასეთ შემთხვევაში, მას სრული უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. მე მიმაჩნია, რომ მისი პრეტენზიები არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად არასამართლიანი”, – განაცხადა ხმალაძემ.


გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ორჯერ ჩაიშალა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი