ყველაზე მეტი ნათესავი საკანონმდებლო ორგანოში, შეიძლება ითქვას, დეპუტატ მედეა ვასაძეს ჰყავს დასაქმებული. ამ დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. თუმცა მისი გავლენები, უმაღლეს საბჭოში დანიშნული ნათესავებისა და ახლობლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შესუსტებულა.
უმაღლეს საბჭოში თავიანთი ნათესავების დანიშვნა დეპუტატებმა არჩევნებიდან მალევე დაიწყეს და მძღოლებისა თუ დამლაგებლების პოზიციებზეც კი, თავიანთი ნათესავები დანიშნეს. ამ სახის ცვლილებები შესაძლებელი გახდა 2012 წლის ოქტომბერში უმაღლეს საბჭოში გამოცხადებული რეორგანიზაციის გზით.
მედეა ვასაძის ნათესავები
გიორგი კვაჭაძე მედეა ვასაძის პირადი მძღოლია. ამავე დროს ის დეპუტატის ბიძაშვილიც არის. თუ გადავხედავთ დეპუტატისა და მისი ბიძაშვილი მძღოლის გასული წლის მივლინების ხარჯებს, სხვა მძღოლებისგან განსხვავებით, თბილისში ერთ-ერთი მივლინების დროს გიორგი კვაჭაძე გაცილებით ძვირადღირებულ სასტუმროებში ათევს ღამეს, ვიდრე სხვა მისი კოლეგები.
დეპუტატისა და მისი მძღოლის სასტუმრო ნომრების ღირებულება თითქმის ერთნაირია. გასული წლის მონაცემებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მძღოლს, გიორგი კვაჭაძეს, თბილისში ოთხდღიან ვიზიტში (კომისიის თავმჯდომარეს ახლდა) 295 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ხუთდღიან ვიზიტში – 575 ლარი.
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ჯინჭარაძე მედეა ვასაძის მეუღლეა. საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი თამაზ დოლიძე მედეა ვასაძის ძმისშვილის – სოფო ვასაძის ქმარია. „2012 წლის მარტიდან ვმუშაობ უმაღლეს საბჭოში. ადრე ოთხი წლის განმავლობაში „არაი თუმოროუს“ ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერად და დირექტორად მაქვს ნამუშევარი. მერე უმაღლეს საბჭოში კონკურსი იყო გამოცხადებული და გავიარე კონკურს“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ დოლიძემ.
შალვა ჯინჭარაძის ნათესავი უნდა იყოს ვლადიმერ ჭყონიაც, რომელიც სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე თავის მხრივ მიტროპოლიტ დიმიტრის რეკომენდაციით დაინიშნა. ვლადიმერ ჭყონიამ უარი თქვა საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ მოეთხრო „ბათუმელებისთვის“. ვერც იმასთან დაკავშირებით მოხერხდა კითხვის დასმა, არის თუ არა ის მედეა ვასაძის მეუღლის ნათესავი.
უმაღლეს საბჭოში კონკურსის გარეშე დაინიშნა ლიანა ვაჩეიშვილი, რომელიც ამჟამად მედეა ვასაძის კომისიის აპარატის უფროსია. მართალია, კომისიის აპარატის უფროსის თანამდებობაზე პირი უფლებამოსილების ვადით ინიშნება, მაგრამ ლიანა ვაჩეიშვილმა უმაღლეს საბჭოში თავდაპირველად იმ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, რაც კონკურსს ექვემდებარებოდა – მან სოფიო კობალაძე ჩაანაცვლა, რომელიც მედეა ვასაძის თანაშემწე იყო და დეპუტატმა გაათავისუფლა სამსახურიდან. სოფიო კობალაძის გათავისუფლებას ახლდა სკანდალი – თანაშემწემ თქვა, რომ დეპუტატმა ფიზიკურად შეურაცხყო მასთან მისული მოქალაქე.
მოგვიანებით სასამართლომ სოფიო კობალაძე სამსახურში აღადგინა. თუმცა, სასამართლომ ასევე თქვა, რომ მედეა ვასაძის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი არ დადასტურდა.
უმაღლეს საბჭოში მუშაობს მედეა ვასაძის მძღოლისა და ბიძაშვილის გიორგი კვაჭაძის ოჯახის წევრიც _ მანანა ფარტენაძეს უმაღლეს საბჭოში დამლაგებლის პოზიცია უკავია. კიდევ ერთი დამლაგებელი ჟუჟუნა ცენტერაძე კი მედეა ვასაძის ძმის – შალვა ვასაძის ცოლისდაა.
უმაღლეს საბჭოში მუშაობს მედეა ვასაძის ნათლულიც – მანანა ჯორბენაძე საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსია. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოში დასანიშნად 2012 წელს გაიარა ატესტაცია. ასევე დასძინა, რომ მედეა ვასაძესთან მისი ურთიერთობის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა, მოგვიანებით კი, მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ავთანდილ ბერიძის ნათესავები უმაღლეს საბჭოში
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს მურმან დუმბაძე გადაყენებით ემუქრება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ თანამდებობაზე ავთანდილ ბერიძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძალისხმევით დაინიშნა – საარჩევნო სიაში პირველ ნომრად ავთანდილ ბერიძე სწორედ მურმან დუმბაძის დაჟინებული მოთხოვნით ჩასვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
უმაღლეს საბჭოში მისვლის შემდეგ ავთანდილ ბერიძემ თავისი გუნდის დანიშვნაზე რამდენჯერმე საჯაროდაც ისაუბრა, ამ გუნდში მისი რამდენიმე ნათესავიც მოხვდა: ავთანდილ ბერიძის პირადი მძღოლი, ბადრი ბერიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბიძაშვილის შვილია. თავმჯდომარის მეორე მძღოლი კი, ავთანდილ ბერიძის შვილის ქმარია. უმაღლესი საბჭოს მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს ავთანდილ ბერიძის კიდევ ერთი ნათესავი მალხაზ ჯაფარიძეც.
უმაღლეს საბჭოში მუშაობს ავთანდილ ბერიძის მეგობარი ვლადიმერ ხუბულავა. ყოველ შემთხვევაში, ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროსთვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნამდვილად ენდობოდა ხუბულავას – ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსია. უმაღლესი საბჭოს არაერთი თანამშრომლისგან განსხვავებით, ვლადიმერ ხუბულავა უპრობლემოდ ყვება თავისი სამუშაო გამოცდილების შესახებ. ამბობს, რომ უმუშავია ქარხანაში, არასამთავრობოში, ექსპერტადაც ეკონომიკური მიმართულებით და პოლიტიკური ნიშნითაც დაუტოვებია რამდენჯერმე თანამდებობა. რაც შეეხება ავთანდილ ბერიძესთან მის ურთიერთობას, რომელიც თითქოსდა ბოლო სკანდალების ფონზე გაუარესდა – ამბობს, რომ კვლავაც მეგობრობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, პოზიციები არ შეუცვლია და არც აპირებს, შეიცვალოს.
უმაღლეს საბჭოში მუშაობს ავთანდილ ბერიძის თანაკლასელი პლატონ მანჯგალაძე. ის უმაღლეს საბჭოში სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსია. ავთანდილ ბერიძის თანაკლასელია ვახტანგ თავბერიძეც – ის საქმისწარმოების განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.
ალექსანდრე ჩიტიშვილის ნათესავები უმაღლეს საბჭოში
ალექსანდრე ჩიტიშვილი გასულ კვირას, უფრო კონკრეტულად კი 20 თებერვალს, გადააყენეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკატერინე თარგამაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას თავად ეკატერინე თარგამაძე დღემდე უარყოფს.
ალექსანდრე ჩიტიშვილს უმაღლეს საბჭოში ჰყავს თავისი მცირე გუნდი, უფრო ზუსტად თავისი ნათესავებისგან დაკომპლექტებული გუნდი. შესაბამისად, სულაც არ არის გამორიცხული, სამსახურები დაკარგონ თანამდებობიდან გადაყენებული ჩიტიშვილის ნათესავებმაც.
უმაღლესი საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი გელა ღოღობერიძე ალექსანდრე ჩიტიშვილის მეუღლის ძმისშვილია, მაგრამ გელა ღოღობერიძისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. გელა ღოღობერიძის დის ქმარი, არჩილ გოგიტიძე კი, ალექსანდრე ჩიტიშვილის მძღოლია.
ჯემალ ფუტკარაძის ნათესავები უმაღლეს საბჭოში
დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე მურმან დუმბაძის გუნდში რჩება – მან ხმა მისცა დავით ბაციკაძის გადაყენებას, ანუ ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მურმან დუმბაძე სწორედ მის კანდიდატურით აპირებს ავთანდილ ბერიძის ჩანაცვლებას უახლოეს მომავალში. ჯემალ ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე მის სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ ამბობს: „უმაღლეს საბჭოს დღეისობით ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე. ვაკანსიის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, დავაყენო ჩემი კანდიდატურა“.
ის ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობს და ასევე ჰყავს დასაქმებული ნათესავები, მაგალითად, ჯემალ ფუტკარაძის პირადი მძღოლი სელმან ფუტკარაძე სწორედ დეპუტატის ნათესავია. „მას შემდეგ ვმუშაობ უმაღლეს საბჭოში, რაც ესენი აირჩიეს. მძღოლობა არ არის ისეთი პროფესია, რამე საგანგებო სწავლა რომ სჭირდებოდეს. ნამდვილად ბიძაშვილი ვარ ჯემალის, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და მენდობა, საქმის ჩაწყობა არ ყოფილა. მეც და სხვა მძღოლებიც კმაყოფილები ვართ ანაზღაურებით, თორემ წავიდოდი და სხვაგან ვიმუშავებდი. რაც არის, ეს არის“, – ამბობს სელმან ფუტკარაძე.
მურმან დუმბაძის ნათესავები უმაღლეს საბჭოში
მურმან დუმბაძის დისშვილი – გიორგი გორაძე დღემდე ავთანდილ ბერიძის თანაშემწედ მუშაობს. როცა „ბათუმელებმა“ ჰკითხა მურმან დუმბაძეს, ამ თანამდებობაზე მისი დისშვილის დანიშვნის გამო უხერხულობას ხომ არ გრძნობდა, მან თქვა, რომ – არა, რადგან გიორგი გორაძეს ევროპაში აქვს განათლება მიღებული და ის იმსახურებს ამ თანამდებობას.
უმაღლეს საბჭოში მუშაობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ძმის მეუღლეც. მარინა ბერიძე საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსია. როცა მურმან დუმბაძეს „ბათუმელებმა“ მარინა ბერიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ჰკითხა, ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ მარინა ბერიძე უმაღლეს საბჭოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. ის პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან. მარინა ბერიძემ საამართლოში იჩივლა და ამ გზით დაბრუნდა უმაღლეს საბჭოში.
მარინა ბერიძე წინა ხელისუფლების პერიოდში, 2009 წლამდე, მართლაც მუშაობდა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ არა დეპარტამენტის ხელმძღვანელად, არამედ სხვა პოზიციაზე – საქმის წარმოების განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად.
მურმან დუმბაძე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ კურცხალიძე არ არის მისი ნათესავი. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი ის ვიცე-სპიკერის დეიდაშვილის მეუღლეა. თავად ჯამბულ კურცხალიძემ მოითხოვა ამ საკითხზე კომენტარისთვის მხოლოდ სამუშაო დღეებში დავუკავშირდეთ. „ახლა ვისვენებ“- თქვა ჯამბულ კურცხალიძემ და ტელეფონი გამორთო.
რამდენიმე თვის წინ უმაღლეს საბჭოში დასაქმდა ნუგზარ კეკელიძე. ის მურმან დუმბაძის თანამოაზრეა. მანამდე ნუგზარ კეკელიძე აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. ამ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ნუგზარ კეკელიძემ საჯარო განცხადებები გააკეთა აჭარის მთავრობის წევრების, მათ შორის არჩილ ხაბაძის კორუფციაში მონაწილეობაზე. ნუგზარ კეკელიძის უმაღლეს საბჭოში დასაქმებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის აპარატში ხელშეკრულებით დასაქმებული ოთხი სპეციალისტის გათავისუფლება. მაშინ გათავისუფლებულებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ სამსახურიდან ნუგზარ კეკელიძისთვის სამუშაო ადგილის შექმნის გამო უშვებდნენ. მოგვიანებით ამ ადამიანებმა შეცვალეს პოზიციები, სამაგიეროდ ოთხივე მათგანი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დაასაქმეს. ნუგზარ კეკელიძე ამჟამად ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ მოწვეულ სპეციალისტად მუშაობს.
უმაღლეს საბჭოში მუშაობს ნუგზარ კეკელიძის მეუღლე ლეილა ღოღობერიძეც – ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის უფროსია. სხვათა შორის, ლეილა ღოღობერიძე ერთ-ერთი გამონაკლისთაგანია, ვისზეც უმაღლეს საბჭოს დაპირისპირებული მხარეები თანხმდებიან, რომ პროფესიონალია.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რომელსაც „ბათუმელები“ გასული წლიდან აგროვებდა, უმაღლესი საბჭოს 86 თანამშრომლიდან ზუსტად 60 თანამშრომელი დეპუტატების ახლობელი და მეგობარია. თუმცა, ამ დროისთვის „ბათუმელებმა“ ზოგიერთ მათგანთან დაკავშირება-გადამოწმება ვერ მოახერხა. იყო შემთხვევა, როცა ფაქტი არ დადასტურდა.
გარდა ამისა, უმაღლეს საბჭოში ნამდვილად მუშაობს რამდენიმე ისეთი დეპუტატი, რომელთაც არც ერთი ნათესავი თუ მეგობარი არ დაუნიშნავთ თანამდებობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს მათივე კოლეგების მიერ ნათესავების დანიშვნაზე არათუ პროტესტი, არამედ საჯარო შეფასებაც კი არასდროს გაუკეთებია.
და ბოლოს, უმაღლეს საბჭოში დასაქმებულთა არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილი კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი კადრებით არის დაკომპლექტებული. გასულ კვირას განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, მურმან დუმბაძესთან ერთად ახლა სწორედ ეს პარტია წარმოადგენს უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებ ძალას.
უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატი საქმიანობს.