ახალი ამბები

სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა იყო – ვოლსკი”ოცნების” ოფისში სხდომის შემდეგ

1 სექტემბერი, 2019 • 1494
სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა იყო – ვოლსკი”ოცნების” ოფისში სხდომის შემდეგ

“ქართული ოცნების” ოფისში დღეს, 1-ელ სექტემბერს გამართულ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ზემოაღნიშნულ თემაზე, ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა:

“ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება კიდევ პოლიტსაბჭოზე. ეს მოხდება სამშაბათს. მაგრამ ვფიქრობ, ხვალ დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე”.

კიდევ ერთ კითხვაზე, ტოვებს თუ არა მამუკა ბახტაძე თანამდებობას, მან თქვა:

“ამ საკითხთან დაკავშირებით გაცილებით უკეთეს და სიღრმისეულ განცხადებას გააკეთებს, ვიდრე შეიძლება, მე ერთი სიტყვით ვთქვა”.

მმართველი პარტიის ოფისში სხდომას პარტიის ლიდერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და სხვები.

მანამდე, მედიასაშუალებები, მათ შორის,”ტვ პირველი”, იუწყებოდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრებისათვის სამთავრობო ცვლილებების შესახებ ოფიციალურად უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) წერდა, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთი წელიწადი და ორი თვეა, პრემიერ-მინისტრია. მანამდე ის ჯერ საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი  ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. თუკი გახარიას მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნავენ, ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში რიგით მე-5 პრემიერ-მინისტრი იქნება. პრემიერის გადადგომა ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტიც დაიშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი