ახალი ამბები

სროლა ტეხასის შტატში: არიან დაღუპულები

1 სექტემბერი, 2019 • 905
სროლა ტეხასის შტატში: არიან დაღუპულები

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქებს – ოდესასა და მიდლენდს – შორის მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. მედიის თანახმად, თავდამსხმელი მოკლულია.

BBC-ის ცნობით, თავდაპირველად თავდამსხმელმა პოლიციელს ესროლა, რომელმაც მისი ავტომობილი ზემოაღნიშნულ ორ ქალაქს შორის გააჩერა. ამის შემდეგ პირმა გზა განაგრძო, რა დროსაც გამვლელებსა და მძღოლებს ესროდა. გარკვეულ ეტაპზე, მან საკუთარი ავტომობილი მიატოვა და საფოსტო მანქანაში გადაინაცვლა, საიდანაც შეიარაღებული თავდასხმა განაგრძო.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის თანახმად, პოლიციამ ის კინოთეატრის შენობაში მოკლა.

თავდამსხმელის მოტივი და ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია. პოლიცია მას აღწერს თეთრკანიან, 30 წელს გადაცილებულ კაცად.

თავდასხმისას, ჯამში, 21 ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი პოლიციელია, ერთი კი, ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ცნობით, 2 წლის ბავშვი. 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარი დაგმეს როგორც ტეხასის გენერალურმა პროკურორმა, ისე გუბერნატორმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი “ტვიტერზე” დაწერა, რომ საქმეში ჩართულნი არიან FBI და სხვა უწყებები.

მიმდინარე თვეში, ესაა მეორე მასობრივი სროლა ტეხასის შტატის ტერიტორიაზე. რამდენიმე კვირის წინ ქალაქ ელ-პასოში მომხდარ სროლას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ფოტო: AP

მასალების გადაბეჭდვის წესი