ახალი ამბები

ლარის გაუფასურებას მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტებენ

25 თებერვალი, 2015 • • 1370
ლარის გაუფასურებას მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტებენ

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, საიდანაც გამომდინარეობს ლარის გაუფასურების სტატისტიკური მიზეზები და სრულიად გადახალისდეს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი.

 

“აქცია იმართება ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე. ეს არის საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

 

მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ მდგომარეობა არის უკიდურესად კრიზისული და წარმოადგინოს ზუსტი და ქმედითუნარიანი გეგმა პროფესიონალთა გუნდთან ერთად, ხოლო პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე და სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული.

 

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს ლარის გაუფასურება, რაც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.5573 ნიშნულზეა.

ევრო/ლარი
ევრო/ლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი