ახალი ამბები

თიანეთში “ბიბლიური თავისუფლების” წევრ წვევამდელთან Live გასაუბრებას ინსპექტორი სწავლობს

30 აგვისტო, 2019 • 2817
თიანეთში “ბიბლიური თავისუფლების” წევრ წვევამდელთან Live გასაუბრებას ინსპექტორი სწავლობს

თიანეთის წვევამდელთა გაწვევის კომისიის ვიდეოს, რომელიც თამაზ მეჭიაურის და კომისიის სხვა წევრებს წვევამდელთან გასაუბრებას ასახავს, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის “გირჩის” დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, “ბიბლიური თავისუფლების” ცნობა წარადგინა, სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უთხრეს, შესწავლის შედეგად დადგინდება, დაირღვა თუ არა გასაუბრების პირდაპირ ეთერში გაშვებით პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი.

რაც შეეხება თავად ვიდეოს, მეჭიაური აკრიტიკებს პირს, რომელმაც კომისიაში “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავრის ცნობა წარადგინა. ადამიანებს, ვინც ამ ამბავს ხელს უწყობენ, “სამშობლოს მოღალატეებს” უწოდებენ, ხოლო მოსარგებლეებს – დეზერტირებს.

“ძალიან ცუდი რამ იკადრა ბატონმა თამაზ მეჭიაურმა. არ ველოდი, რადგან არ არის ეს კარგი საქციელი, რაც ჩვენ დავინახეთ. ძალიან ცუდი საყურებელი იყო, რაც ხდებოდა საჯარო სამსახურში, სახელმწიფო ორგანოში როგორ ეპყრობოდნენ მოქალაქეს. პრობლემა იმასთან გვაქვს, რომ არანაირი ეთიკა არ არსებობს, როგორც ეპყრობიან ადამიანებს. ეს მარტო მეჭიაურის თემა კი არ არის, სხვა ბიურკრატიაც, სამწუხაროდ, ასეა ამ ქვეყანაში, თუკი ის გრძნობს, რომ რაღც უფლება აქვს, ადამიანზე იძალადოს”, – ამბობს “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ამ პირის ჯარში გაწვევის შემთხვევაში კანონი დაირღვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი