ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 9 მოლიონი ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი შესყიდვებმა დაახლოებით 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს.
TI–ს ცნობით, ყველაზე მეტი, 31.7 მილიონი ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რომელთა დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით.
რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, სტატიის თანახმად, 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა, ჯამში, 29.9 მლნ. ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს ან გადაცვალეს.
TI–ს ცნობით, 2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4.7 მლნ. ლარად 67 ერთეული „ტოიოტა ქემრი” შეიძინა. ეს შესყიდვა 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისში გასამართი შეხვედრის ორგანიზების მიზნით განხორციელდა.