ოსური მხარე სოფელ წნელისში ბლოკპოსტის განთავსებას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ოსური მხარე სოფელ წნელისში, რომელიც ჩორჩანას ესაზღვრება, საკუთარ ბლოკპოსტს განათავსებს.

ბიბილოვის თქმით, შეხვედრაზე მხარეები საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები კი უახლოეს დღეებში გაგრძელდება:

“სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ ჩორჩანაში პოლიციის ბლოკპოსტი უნდა აიღოს. ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო პოზიციაზე ვერ შევჯერდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება, რათა სოფლის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს”, – თქვა ბიბილოვმა.

გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის ახალი პოსტი გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”. ქართულმა მხარემ ეს პირობა არ შეასრულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.