სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული მხარე აცხადებს, რომ შსს-ს საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა:
“არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ. რაც მთავარია, საუბარი შედგა კონსტრუქციულ რეჟიმში. პირველი და მთავარია, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს და ეს ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტირება იყო.
ჩვენ ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ჩვენი არგუმენტებით დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ჩვენი მიზანი არის უსაფრთხოების დაცვა. გარკვეული კითხვები ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა არგუმენტები, აქ რატომ არ უნდა იყოს განთავსებული, ვერ მოვისმინეთ. ბლოკ-საგუშაგო რჩება ადგილას და ჩვენი ბიჭები უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებენ”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო პოსტი ააგო, რის გაუქმებასაც ცხინვალი ითხოვს. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება, რომელიც ცხინვალის კონტროლის ქვეშაა. მხარეებს შორის დღეს მეორე შეხვედრა იმართება.