ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომი არ იქნება, სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს – ცხინვალი

30 აგვისტო, 2019 • 1807
ომი არ იქნება, სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს – ცხინვალი

“არანაირი ომი არ იქნება, საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. გამორიცხულია”, – ეს განცხადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის უფროსმა მარინა კოტაევამ გააკეთა ადმინისტრაციულ ხაზთან მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო პოსტი ააგო, რის გაუქმებასაც ცხინვალი ითხოვს. გუშინ ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმიც წაუყენა, თუმცა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება, რომელიც ცხინვალის კონტროლის ქვეშაა.

კოტაევას თქმით, იმ დასახლებაში, რომლის სიახლოვესაც ქართული მხარე პოლიციის საგუშაგოს აშენებს, 11 ოსური ოჯახი ცხოვრობს და მათ შეეშინდათ, ამიტომ დახმარებისთვის ცხინვალს მიმართეს, რომელმაც ადგილზე ომონისა და სხვა ძალოვნების მობილიზაცია განახორციელა.

“შეშინებულები არიან არა მხოლოდ უისტას [წნელისი] მოსახლეები, არამედ ხმები და პანიკა მთელ ცხინვალში გავრცელდა კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის თაობაზე. ადამიანები ერთმანეთს ურეკავენ და ეკითხებიან: არის თუ არა ბავშვების ევაკუირების აუცილებლობა. არანაირი ომი არ იქნება, საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება, გამორიცხულია. დღევანდელ საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს”, – განაცხადა კოტაევამ.

მისი თქმით, “საზღვარს” ცხინვალისა და მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ფედერაცია იცავს და ქართველი სამხედროების ნებისმიერი აგრესიული ქმედება განხილული იქნება როგორც თავდასხმა რუს სამხედროებზე.

კოტაევას თქმით, ცხინვალის თემით აპელირებას საქართველოს ხელისუფლება, როგორც წესი, იმ დროს იწყებს, როდესაც შიდა პრობლემები აქვს და ყურადღების გადატანა უნდა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი