ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ 2500 მანათის გადახდა დააკისრა

24 თებერვალი, 2015 • • 1095
ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ 2500 მანათის გადახდა დააკისრა

დღევანდელი სასამართლო სხდომა, როგორც წინა სხდომები, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვერდიქტის შესახებ ჟურნალისტებს ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატმა, ელტონ გულიევმა განუცხდა. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას “უკანონო და უსამართლო” უწოდა და მისივე განცხადებით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

ბაქოში ჟურნალისტის მიმართ სარჩელის განხილვა 2014 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელი ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ ოპოზიციის ყოფილმა აქტივისტმა ელმან ჰასანოვმა შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ ხადიჯა ისმაილოვამ გაასაჯაროვა მასალა, სადაც საუბარია აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ მის გადაბირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი აცხადებს, რომ აღნიშნულ მასალაში ამ ადამიანის სახელი და გვარი გადაშლილია. სასამართლო სხდომა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო გადადებული. 


ისმაილოვა გასული წლის 5 დეკემბერს დააპატიმრეს, რადგან მას ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინეს ბრალდება. 27 იანვარს კი ბაქოს საბაილის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა, რომელიც 5 თებერვალს იწურებოდა, კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს. აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისმაილოვას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

რამდენიმე დღის წინ ისმაილოვას ახალი ბრალდებებიც წარუდგინეს. ახალი ბრალდებები მოიცავს მითვისებას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, გადასახადებისგან თავის არიდებას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ისმაილოვას, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


მასალების გადაბეჭდვის წესი