ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერგნეთში მოლაპარაკებები ჩაიშალა – ცხინვალი კვლავ ითხოვს ქართული საგუშაგოს მოშლას

29 აგვისტო, 2019 • 1849
ერგნეთში მოლაპარაკებები ჩაიშალა – ცხინვალი კვლავ ითხოვს ქართული საგუშაგოს მოშლას

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცხინვალის მხარემ “დესტრუქციული პოზიცია” დაიკავა, რამაც დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

“შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით, დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია, რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM-ის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ გახლავთ ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების კონსტრუქციული შეთავაზებები მათ არ გაიზიარეს და მორიგ ჯერზე ჩაშალეს IPRM-ის შეხვედრა”, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ.

რაც შეეხება ცხინვალის მოთხოვნას სოფელ ჩორჩანას ტყეში საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მოშლის შესახებ, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ქართული მხარის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა თავისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას”, – ამბობს ის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 28 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. მანამდე, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სოფელი წნელისი.

ოკუპირებული წნელისი სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი