ახალი ამბები

სანქციები ვერ აჩერებს რუსულ აგრესიას — თამარ ხულორდავა

29 აგვისტო, 2019 • 1561
სანქციები ვერ აჩერებს რუსულ აგრესიას — თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვერ აჩერებს რუსეთის მხრიდან აგრესიას.

ხულორდავამ ეს 29 აგვისტოს თქვა, როდესაც ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე, რაც საქართველოში პროვოკაციად შეაფასეს. სანქციებზე კომენტარის კონტექსტი ასეთი იყო:

ხულორდავამ ჯერ თქვა, რომ „საქართველომ იცის, რა არის პროვოკაციებზე წამოგების ფასი“ და „ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, თუ რა შედეგებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუ რუსეთის მხრიდან ამ მუდმივ პროვოკაციებს წამოვეგებით“; განაგრძო იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით „უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს ყველა ფორმატში“; ბოლოს კი ჟურნალისტებს განუცხადა:

„საქმე ისაა, რომ მოჰყავთ არგუმენტად ის, რომ უნდა გავააქტიუროთ სანქციებზე საუბარი, თითქოს ეს შეაჩერებს რუსულ აგრესიას. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს. ამიტომ ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ის, რომ მშვიდობიანად, ჩვენი პოზიციის ძალიან პრინციპული დაცვით, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი