ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთში გვესმის ხოლმე მუსიკის ხმები ანაკლიის ფესტივალებიდან, იცით?”

27 აგვისტო, 2019 • 3233
“აფხაზეთში გვესმის ხოლმე მუსიკის ხმები ანაკლიის ფესტივალებიდან, იცით?”

ეკატერინე ეჯიბია, ოტობაია, გალი


ჩემი სახლიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში  განმუხურია. ჩემს ოტობაიას და განმუხურს დიდი მეგობრობა აკავშირებს, უფრო სწორად, აკავშირებდა.

გაგიკვირდებათ და, ჩვენთან, აფხაზეთში ისმის მუსიკის ხმები, რომელიც ანაკლიის ფესტივალებზე ისმის, ცაზე ვხედავთ განათებებს, იცით? ძალიან ცოტა მანძილია იქამდე, მაგრამ ორად გახლეჩილ საქართველოს მოქალაქეებს არ გვაქვს უფლება, თავისუფლად გადავიდეთ იქ, ვისარგებლოთ მოკლე გზით მეზობელ სოფელთან, ახლობლებთან, საფლავებზე მისასვლელად. ეს თითეოული ოტობაიელის და არამარტო ოტობაიელის ტკივილია.

დიახ, ჩემი სახლიდან განმუხურამდე გზა უსაშველოდ დაგვიგრძელეს, 2-3 კილომეტრის ნაცვლად 50- მდე კილომეტრი უნდა გავიაროთ, რომ განმუხურში ჩავიდეთ. ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს მტკივნეულია, როცა ასე ახლოს გესმის ფესტივალზე გაჟღერებული მუსიკის ხმები, როცა შენი თანატოლებისთვის ეს ხელმისაწვდომია, მათ არ უწევთ ხიდზე ფიქრი (რომელიც, შესაძლოა, ჩაკეტილი დაგხვდეს), რომელიც სახლამდე მიიყვანს. მაგრამ მაინც არის ამაში რაღაც დადებითი და კარგი… არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ილუზიაა ან ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს და ამიტომ მჯერა ჩატეხილი ხიდის გამთელების, მჯერა, ისევ შემოიკრიბავს ენგური ახალგზარდებს,  ოტობაიის ცაზე ისევ ამოვა ცისარტყელა. ამის მწამს და ეს ჩემთვის ყველაზე სენსიტიური თემაა, ოცნებაა, რომელიც აუცილებლად ახდება. ჩემს ოტობაიაში ისევ იყვავილებს ბაიები.


ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში 22-25 აგვისტოს გაიმართა.

ფოტო: echowaves festival, 2019

მასალების გადაბეჭდვის წესი