ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, აუტიზმის რისკს ზრდიდეს ორსულობისას ისეთი საკვების მიღება, რომელიც სხვადასხვა სახის საკვებ დანამატს შეიცავს.
კვლევის მიგნების მიხედვით, პროპიონის მჟავის მაღალი ოდენობა, რომელიც, როგორც წესი, გადამუშავებულ საკვებში მისი ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად გამოიყენება და ძირითადად ყველსა და პურში გვხვდება, ამცირებს ჩანასახის ტვინის ნეირონების განვითარებას. მკვლევრებმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც წინა შესწავლისას აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირად კუჭის პრობლემები აქვთ.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მჟავა არღვევს ტვინის უჯრედებს შორის ბუნებრივ ბალანსს ნეირონების რაოდენობის შემცირებით და წარმოქმნის გლიალურ უჯრედებს. მეცნიერების თქმით, აღნიშნული უჯრედები ხელს უწყობს ნეირონების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას, თუმცა მათი ჭარბი ოდენობა ნეირონებს შორის კავშირს აფერხებს, რაც აუტიზმის მქონე ბავშვებს აღენიშნებოდათ.
კვლევის ავტორების თქმით, კლინიკური დასკვნის მოსამზადებლად კვლევის გაფართოებაა საჭირო. ამის შემდეგ მკვლევრები გეგმავენ, რომ ცდა თაგვებზე ჩაატარონ და შეისწავლონ, აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობის შემცველობა დედის ორგანიზმში გამოიწვევს თუ არა მსგავს შედეგს შვილებში.
წინა კვლევები, რომლებიც აუტიზმის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად ჩატარდა, მიუთითებს, რომ შესაძლოა, აუტიზმის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობდეს გარემო და გენეტიკური ფაქტორები. თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.








