ახალი ამბები

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ისევ იბარებენ პროკურატურაში

22 აგვისტო, 2019 • 1162
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ისევ იბარებენ პროკურატურაში

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ავთო წერეთელი თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წარსადგენად დაიბარეს, პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც დაიბარა „მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით“.

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ივლისში ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ეს ნიშნავს, რომ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ედავებიან ჯგუფურად ფულის გათეთრებას, რასაც „თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. იგივე მუხლებია ნახსენები ავთო წერეთლის ბრალდებაში.

ჯაფარიძისა და ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ პროკურატურის ბრალდება არ ემთხვევა ბრალდების შინაარსს. ბრალდების ფორმულირებაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება, თუმცა, როგორც კორძაძე ამბობს, ის ფაქტები, რის გამოც ხაზარაძეს ედავებიან, ფულის გათეთრების ნიშნებს არ შეიცავს.

ნეტგაზეთი ელოდება პროკურატურისგან პასუხს, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტების შემდეგ კვლავ ფულის გათეთრება (194-ე მუხლი) დარჩება თუ არა ბრალდების ფორმულირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი