ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აიბღას რეგისტრაცია რუსეთის მონაცემთა ბაზაში უკანონოა – მინისტრი

22 აგვისტო, 2019 • 774
აიბღას რეგისტრაცია რუსეთის მონაცემთა ბაზაში უკანონოა – მინისტრი

„ეს რეგისტრაცია რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა“, – ეს განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთის მთიანი სოფლის – აიბღას  რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანასთან დაკავშირებით.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

„მას არც საერთაშორისო სამართალი ცნობს, არც საერთაშორისო საზოგადოება და მით უფრო, რა თქმა უნდა, არც საქართველოს იურიდიული სივრცე.

რაც შეეხება რეაქციების ნაწილს,  ეს თემა აფხაზურ საზოგადოებასა და მედიასივრცეში 2006 წლიდან განიხილება. მათ შორის, 2009 წელს და 2014 წელსაც. აფხაზებს ამის მიმართ, ბუნებრივია,  ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, რადგან რუსეთის ნებისმიერი მანევრი საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთის რეგიონში, სრულიად უკანონოა. მათ აქვთ განცდა, რომ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას სცდებიან და ძალიან უხეშად არღვევენ თუნდაც ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს.

ვფიქრობ,  ნაბიჯები, რომელთაც რუსეთის ფედერაცია დგამს, სიმბოლურია და ბევრ რამეზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ საოკუპაციო რეჟიმისათვის   ადგილობრივების ინტერესს – საუბარია აფხაზებზე, ქართველებსა  თუ ვინმე სხვაზე- მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მას საკუთარი სამხედრო თუ პოლიტიკური ინტერესების გატარება სურს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხშიც და ძალიან ბევრ საკითხში, საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, მოვძებნოთ შეხების წერტილები, რადგან საფრთხე,  გამოწვევები საერთოა და საუბარს, დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი