ახალი ამბები

რაინეარი ევროპის ქალაქებში ფრენებს სომხეთიდანაც გეგმავს

21 აგვისტო, 2019 • 1824
რაინეარი ევროპის ქალაქებში ფრენებს სომხეთიდანაც გეგმავს

ირლანდიური ავიაკომპანია „რაინერარის“ (Ryanair-ის) ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ გეგმავენ სომხეთის მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რის შემდეგაც სომხეთიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნება.

ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხურენოვანი გამოცემა ავრცელებს. იმავეს ადასტურებს სომხეთის მთავრობის ტვიტერის გვერდი. კომპანიის ხელმძღვანელობა 21 აგვისტოს სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა ამ საკითხის განსახილველად.

როგორც მთავრობა იუწყება, „რაინეარის“ კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ფაშინიანს უთხრა, რომ ისინი აპირებენ, უახლოეს მომავალში შევიდნენ სომხეთის საავიაციო ბაზარზე, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია;

ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს მართავს სომხეთის სამოქალაქო ავიაციის, სახელმწიფო უწყების, ხელმძღვანელობასთან, და მთავარ ოპერატორთან. მან წარმოადგინა კონკრეტული მარშრუტები და სატარიფო პოლიტიკის გეგმა.

გარდა „რაინეარისა“, რადიო თავისუფლების ცნობით, სომხეთის ბაზარზე შესვლას აპირებს მეორე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air), რომელიც მზადაა, 2020 წლიდან დაიწყოს ფრენები. როგორც გამოცემა წერს, თათევიკ რევაზიანი, სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის წევრი, ამბობს, რომ უწყება მზადაა, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც ავიაკომპანიას ფიქსირებული გადასახადისგან გამონაკლისის სახით გაათავისუფლებს. ეს გადასახადი არის 21 დოლარი ყოველი გაყიდული ბილეთიდან.

21 აგვისტოს „რაინეარმა“ ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს მთავრობასთანაც. კომპანია საქართველოდან, — თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან — მარსელის, ბოლონიისა, მილანისა და კიდევ 9 მიმართულებით შეასრულებს ფრენებს.

Ryanair-ი მომავალი წლიდან საქართველოდან 12 მიმართულებით იფრენს

მასალების გადაბეჭდვის წესი