ახალი ამბები

საქართველოში რუბლით უკანონოდ ვაჭრობა დასტურდება — შემოსავლების სამსახური

20 აგვისტო, 2019 • 950
საქართველოში რუბლით უკანონოდ ვაჭრობა დასტურდება — შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ დადასტურდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე რიგ სავაჭრო ობიექტებში უცხოური ვალუტით, კერძოდ კი რუბლით ვაჭრობის თაობაზე. უწყების თანახმადვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ბოლო ერთ წელში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 84 შემთხვევა გამოავლინა.

„გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“ ifact.ge-მ 19 აგვისოტს გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ვაჭრობენ საქართევლოში, ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში. შემოსავლების სამსახურის თანახმად, მოკვლევის შედეგად ifact-ის მოწოდებული სამართალდარღვევის ფაქტები დადასტურდა.

„კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 20 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევა“, — წერია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

Ifact-ის თანახმად, მათ ორ სასტუმროსა და სამ კაფეში ჩაატარეს ექსპერიმენტი და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. იგივე შედეგი დადგა ექვს გარემოვაჭრესთანაც, რომლებიც ასევე რუბლში ვაჭრობდნენ.

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური იუწყება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მასალები გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით მათ შეეფარდათ გაფრთხილება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან“, — წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი