ახალი ამბები

ხუთი არასრულწლოვანი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

18 თებერვალი, 2015 •
ხუთი არასრულწლოვანი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 16 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გისოსები წერაქვის გამოყენებით დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, საიდანაც 500 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


“მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გვერდითი მინა დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 30 ლარს, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


გამოძიების ცნობით, მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის უკანა კედელი დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და სუნამოს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი