საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და შესაბამისად, ოკუპაციას.
ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე ამბობს:
“ოპოზიციის ეს ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ და იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, ხალხსა და ქვეყნის ინტერესს, რომ ჩვენ ყველა დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებითა და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შევძლოთ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა და მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ამის ნაცვლად, ეს კონკრეტული ნაწილი ოპოზიციის, იქცევა სამარცხვინოდ”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია სახელმწიფოსა და ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით არიან დაკავებული “და აქ არიან ის ადამიანებიც, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ”.
“რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც პირიქით, ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს.
ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავიანთი პროვოკაციული გეგმები, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, დესტაბილიზაცია და რომლებსაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამით იხეირონ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ დღეს, 19 აგვისტოს.