ახალი ამბები

ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს ყალბი ანგარიშები და ვებგვერდი ისევ გამოჩნდა

19 აგვისტო, 2019 • 2911
ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს ყალბი ანგარიშები და ვებგვერდი ისევ გამოჩნდა

საპენსიო სააგენტოს ყალბი ანგარიშები ინტერნეტში კვლავ ხელმისაწვდომია.

საპენსიო სააგენტოს ყალბი ვებგვერდი pgeoagent.ge, რომლის დიზაინიც სააგენტოს ოფიციალური საიტის ანალოგიურია, მომხმარებლებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის შემოწმებას სთავაზობს იმ დათქმით, რომ ვერიფიკაციისთვის მათ ბარათზე 24 საათით მოხდება 0.01 თეთრის დაბლოკვა, რომელიც შემდეგ უკან დაუბრუნდებათ. ვერიფიკაციისთვის საიტი სახელის, გვარის და საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას ითხოვს.

ამავე საიტის ყალბი ანგარიში შექმნილია სოციალურ ქსელ Facebook-შიც.

მიმდინარე წლის 3 ივლისს, საპენსიო სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდის შექმნის შესახებ და ძალოვან სტრუქტურებსაც მიმართა. დღეს, “ნეტგაზეთის” მიერ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, საპენსიო სააგენტოში განაცხადეს, რომ ხელახლა მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გამოძიება მიმდინარეობს. საპენსიო სააგენტო მსოახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი”, – აცხადებს საპენსიო სააგენტო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები გვერდის დაბლოკვის მიზნით, თუმცა არ პასუხობენ კითხვას იმის შესახებ, რატომ არ დაიბლოკა ყალბი გვერდი ივლისშივე.

“გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა), სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სსიპ საპენსიო სააგენტოდან შემოსული წერილი სააგენტოს სახელით ყალბი გვერდის გავრცელების თაობაზე. რაც შეეხება გვერდის დაბლოკვას, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები გვერდის დაბლოკვის მიზნით”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს ოფიციალური გვერდი არის https://www.pensions.ge/ .

მასალების გადაბეჭდვის წესი