საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით მეტია ქალების შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის მეორე კვარტალში ქალების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, ხოლო კაცებში – 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს დასაქმების დონეს სქესობრივ ჭრილში კვარტალების მიხედვით:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.