ფოტო: Cumhuriyet Gazetesi

თურქეთში 3 ოპოზიციონერი მერი თანამდებობებიდან მოხსნეს

თურქეთის სამი ქალაქის მერები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც მათ წინააღმდეგ ტერორიზმის შესაძლო მხარდაჭერის ბრალდებით გამოძიებას აწარმოებს.

19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან მოხსნეს პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლები: სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციების – დიარბაქირისა და მარდინის, ასევე თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ვანის პროვინციის მერები. აღნიშნული გადწყვეტილების გახმაურებამდე ცოტა ხნით ადრე სამივე მუნიციპალიტეტის მერიის შენობები პოლიციამ ალყაში მოაქცია.

შსს გათავისუფლებულ მერებს “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირს ედავება, რომელიც თურქეთში ქურთების ფართო ავტონომიისთვის 1984 წლიდან შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს, თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს კი ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ აღიარებული. სამინისტრო ირწმუნება, რომ ორგანიზაცია ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და მათ მერებს “არალეგალური მიზნებისთვის” იყენებდა.

ოფიციალურ პირთა განცხადებით, დიარბაქირის მერის მიმართ 9 სხვადასხვა გამოძიება მიმდინარეობს, მარდინის მერის მიმართ – 6, ვანის მერისადმი კი – 7. მათ ადგილას სახელმწიფომ დროებით ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნა, რომლებიც მანამდე გუბერნატორების პოსტებს იკავებდნენ.

  • თურქული მედიის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლის შემდეგ, ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება კედელზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის პორტრეტის ჩამოკიდება იყო.
ფოტო: Cumhuriyet Gazetesi

ფოტო: Cumhuriyet Gazetesi

დღესვე ქვეყნის შსს-მ გაავრცელა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც, 29 პროვინციაში, დიდწილად კი დიარბაქირში, ვანსა და მარდინში, “ქურთისტანის მუშათა პარტიისა” და “ქურთისტანის კომუნისტური გაერთიანების” წინააღმდეგ ოპერაციის შედეგად  418 ადამიანი დააკავეს.

“ხალხთა დემოკრატიული პარტია” მერების გათავისუფლების შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფოს ქმედებებს “პოლიტიკურ გადატრიალებას” უწოდებს.

“ეს არის ღიად მტრული დამოკიდებულება ქურთი ხალხის პოლიტიკური ნების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფის, პროვოკაციებისა და იმ გადაწყვეტილებების განმახორციელებელია, რომელიც დემოკრატიისთვის მცირე ადგილსაც კი არ ტოვებს”, – აღნიშნავს პარტია და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ კავშირებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

“არ გაჩუმდეთ. გაჩუმება თანხმობის ნიშანია”, – დასძენს ის.

მთავრობის ქმედებები თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ – “სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც” გააკრიტიკა. მისი საპარლამენტო ლიდერის, ოზგურ ოზელის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ “კვლავ ფაშიზმი აირჩია დემოკრატიის ნაცვლად”.

მერებს, რომლებიც თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა ჰქონდათ. დიარბაქირში პრო-ქურთული პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა 63%-მა მისცა ხმა, მარდინში – 56%-მა, ვანში კი – 54%-მა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან