ახალი ამბები

ონლაინ მედიისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია – ქარტია

17 აგვისტო, 2019 •
ონლაინ მედიისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია –  ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დაუსაბუთებელსა და გაუგებარს უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ონლაინ მედიასაშუალებების ჟურნალისტებს 16 აგვისტოს არ მიეცათ კონფლიქტისპირა სოფელ გუგუთიანთკარში მუშაობის საშუალება.

16 აგვისტოს გუგუთიანთკარში ჩასული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, რათა ადგილზე ენახათ რუსი სამხედროების მიერ მავთულხართების მონტაჟი და ორად გაყოფილი სოფელი. ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია (რადიო “თავისუფლება) დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი სხვა ჟურნალისტებს მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა”.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ონლაინ მედიის მიმართ შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენელებისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცლეებენ ამბებს. Ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი, ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს, ყოველწიურად იზრდება.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია.

მოვუწოდებთ ყველა სამთავრობო უწყებას, დანერგოს ჟურნალისტთა აკრედიტაციის ისეთი წესები, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს მედიის გარკვეულ კატეგორიას. შეიმუშავოს ღონისძიებსა თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჟურნალისტთა დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა პლატფორმის წარმომადგენელს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემს”, – აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი