სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ცხინვალში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ყურადღება მიმართულია თბილისში, გლდანის ციხეში არსებული სიტუაციისკენ, სადაც პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ჯიოევმა ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის იმყოფება სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქე.

 

“ იმედი მაქვს, რომ სამხრეთ ოსეთში თქვენი ვიზიტი, ასევე, საქართველოში შემდგომი ვიზიტები და შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან ხელს შეუწყობს იმას, რომ გადაიხედოს ამ მოქალაქეების საქმეები და საბოლოოდ მიღწეულ იქნას პროგრესი ამ საკითხში”, – განაცხადა ჯიოევმა და დაასტურა ცხინვალის მზაობა პატიმრების ორმხრივ გაცვლასთან დაკავშირებით.

 

დისკუსიაზე ჯიოევმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისა და ნატოს ხელმძღვანელობის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა შეუძლებელია არ შეაშფოთოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა.

 

“იგულისხმება ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში სასწავლო ცენტრის მოსამზადებლად. ჩვენ ამას პროვოკაციულ ფაქტორად მივიჩნევთ. ამიტომ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა გავაქტიუროთ მუშაობა არა მარტო ჟენევის დისკუსიების ფარგლები, არამედ სხვა შესაძლო ფორმატებშიც”, – აღნიშნა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.






Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *