ახალი ამბები

ივანიშვილი: ბიზნესკონსულტანტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი სულაც არ არის

16 თებერვალი, 2015 • • 1244
ივანიშვილი: ბიზნესკონსულტანტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი სულაც არ არის

“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს და დღესაც ვიმეორებ: კრედიტს პენსიონერი იღებს თუ პროფესიონალი ბიზნესმენი,  ვალუტის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ცალკე  სპეციალობაა.  სპეციალისტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი სულაც არ არის”, – განაცხადა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა.


კითვაზე, სპეციალისტის დაქირავება დამატებთ სახსრებთან არის დაკავშირებული  და როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, რომელსაც სესხი გამოაქვს ბანკიდან, ივანიშვილმა განმარტა, რომ ბანკის თანამშრომლები ვალდებული არიან პენსიონერს თუ ბიზნესმენს პირობები განუმარტონ.

 

“აქ სხვა რამეზეა საუბარი. ბანკის სპეციალისტები ვალდებული არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა საქმე სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდნენ. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და, თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია. მინიშნება კი ამაზე შეურაცხმყოფელი არ არის. რაც შეეხება ლარის კურსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ტრაგიკული არაფერი ხდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურებას შეეხო. მისი თქმით, ყველა ვალუტა მეტ-ნაკლებად მერყეობს და ვისაც კრედიტი ჰქონდა აღებული, საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ივანიშვილის შეფასებით, მცდარია მოსაზრება, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია.

 

კითხვაზე, გადაჭარბებული ოპტიმიზმით ხომ არ ისაუბრა თავის სატელევიზიო ინტერვიუში ლარის კურსის მდგომარეობაზე, ივანიშვილი ამბობს, რომ პანიკა და აჟიოტაჟი ლარს დააზარალებს. მისი თქმით, ლარის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ბევრ ქვეყანასთან გამკაცრებული სავიზო რეჟიმია.

 

“გადაჭარბებული არაფერი მითქვამს, თუმცა, ოპტიმიზმი ალბათ ზედმეტად იყო ჩადებული ჩემს განცხადებაში, რადგან პანიკა და აჟიოტაჟი ლარს დააზარალებს. დღესაც ვიმეორებ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით. დოლარი გამყარდა გლობალურ ეკონომიკაში, უკრაინასა და რუსეთში რთული მდგომარეობაა, ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების ოდენობა (მათ გაუჭირდათ იმ ქვეყნებში, სადაც არიან), შემცირდა ტურიზმი. ამას ორი მიზეზი აქვს – ზოგადად რეგიონში ეკონომიკური დაღმასვლა ტურიზმს ამცირებს, მეორეც, ვფიქრობ, თავის დროზე, შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბევრ ქვეყანასთან აბსოლუტურად გაუაზრებლად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი”, – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი