ახალი ამბები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 35.5%-ით შემცირდა – საქსტატი

15 აგვისტო, 2019 • 824
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 35.5%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელს, 2017 წელთან შედარებით, 35.5 %-ით შემცირდა. 2018 წლის დაზუსტებული მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.

უწყების თანახმად, 2018 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ 1.27 მილიარდი ლარი შეადგინა.

“[ეს] 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს”, – აღნიშნავს საქსტატი.

საქსტატი ინვესტიციების შემცირების გამომწვევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის უწყება მაგისტრალური გაზსადენის მშენებელობის დასრულებას აღნიშნავს. ასევე აცხადებს, რომ შემცირების ტენდენციის განმაპირობებელია:

“რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების[იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მუდმივი ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზეა] საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება”.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ძირითად ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებდა, საიდანაც 246.4 მლნ. ლარი შემოვიდა. მას ნიდერლანდები [208.4 მლნ.], გაერთიანებული სამეფო [178.8 მლნ.], აშშ [102.6 მლნ.], და ჩინეთი[75.7 მლნ.] მოსდევენ.

ეკონომიკის სექტორებიდან კი, რომლებშიც აღნიშნული ინვესტიციები ხორციელდება, პირველ სამ პოზიციას საფინანსო სექტორი, მშენებლობა და ტრანსპორტი&კავშირგაბმულობა იკავებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი