ახალი ამბები

ივანიშვილი: რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო

16 თებერვალი, 2015 •
ივანიშვილი: რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო

“რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ და ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ და თუ ამას ვერ გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი მის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ კითხვები აქვს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან:

 

“ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა. 52-მა არასამთავრობომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ თითქოს მე სამოქალაქო სექტორის განადგურება მინდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “რუსთავი 2″-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა – უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ – არა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი ასევე გამოეხმაურა მისი განცხადების შემდეგ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ეს არსამთავრობო ორგანიზაციები შვედეთის განვითარების სააგენტოსგან კორუფციული სქემით ფინანსდებოდნენ:

 

“მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის – იქნება ეს “სიდა” თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია “ნაციონალური მოძრაობის” ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი