ახალი ამბები

ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურატურაში გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

14 აგვისტო, 2019 • 946
ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურატურაში გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი დღეს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, მას უწყებაში შესთავაზეს უნიკალური კოდის გადაცემა, რომლის საშუალებითაც შეეძლო იმ სპეციალური ანგარიშის კონტროლი, რომელზეც ერთი თვის ვადაში უნდა ჩარიცხოს გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით.

„მე ნათქვამი მაქვს, რომ გირაოს არ გადავიხდი, ამის უფლებას არ ვაძლევ არც იმ ადამიანებს, ვინც ეს შეიძლება კეთილი ზრახვებით გააკეთოს – ჩემს გულშემატკივრებს და ადამიანებს ვინც თვლის, რომ ჩემი გარეთ ყოფნა მნიშვნელოვანია. მე არ ვაძლევ ამის უფლებას არავის და ვერც მივცემ, რომც მინდოდეს.

გირაოს უნიკალური კოდი არ ჩავიბარე შესაბამისად, ეს არ ვიცი და ამიერიდან ერთადერთი პასუხისმგებელი იმაზე, თუ ვინმე ჩარიცხავს გირაოს ჩემს ანგარიშზე არის ეს უწყება იმიტომ რომ მხოლოდ მან იცის გირაოს უნიკალური კოდი.  განმიმარტეს, რომ ეს  არგადახდა შეიძლება დასრულდეს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შესაბამისად. დასრულდეს, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. გირაოს არ გადავიხდი იმ ვითარებაზე, როცა მე ვარ მართალი და მითუმეტეს როცა მბრალდება არარსებული დანაშაული”, – თქვა ნიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ.

თბილსისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 11 აგვისტოს ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ასევე, მას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლა პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. გვარამია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

5 ლარიც რომ იყოს გირაო, არ გადავიხდი, ეს პრინციპის საკითხია – გვარამია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი