ახალი ამბები

საგარეო უწყება “ბორდერიზაციის” გაგრძელების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

14 აგვისტო, 2019 • 1614
საგარეო უწყება “ბორდერიზაციის” გაგრძელების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო.

“მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული პროცესის შეჩერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზემიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი