ახალი ამბები

პროტესტი გრძელდება – ჰონგ-კონგის აეროპორტი კვლავ პარალიზებულია

13 აგვისტო, 2019 • 1922
პროტესტი გრძელდება – ჰონგ-კონგის აეროპორტი კვლავ პარალიზებულია

ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში რეისები, გუშინდელი დღის მსგავსად, ისევ გაუქმდა. აქციის მონაწილეები, ადგილზე მჯდომარე დემონსტრაციებს განაგრძნობენ.

“სატერმინალო ოპერაციებს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში სერიოზულად შეეშალა ხელი სახალხო შეკრების შედეგად”, – აღნიშნავს უწყება, რომელიც აეროპორტის მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონის მმართველმა კერი ლამმა კვლავ გააკრიტიკა დემონსტრაციის მონაწილეები და აღნიშნა, რომ “კანონდამრღვევი აქტივისტები თავისუფლების სახელით” კანონის უზენაესობას აზარალებენ.

ტელეკომპანია Al Jazeera-ს კორესპონდენტი, რომელიც ადგილზე იმყოფება, იუწყებოდა, რომ გუშინდელთან შედარებით აეროპორტის პროტესტში მონაწილეთა რიცხვი შემცირებულია. თუმცა, მანვე დაამატა, რომ დღის განმავლობაში დემონსტრანტთა რიცხვი კვლავ მატულობს.

პროტესტი ჰონგ კონგში. ფოტო: EPA/LAUREL CHOR

ანტისამთავრობო აქციები გასული კვირის ჩათვლით, ძირითადად, ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა, პოლიციასთან შეტაკებების ფონზე კი, ზოგ შემთხვევაში, პარტიზანულ სახესაც იღებდა. 12 აგვისტოს მოქალაქეები შეიკრიბნენ ქალაქის მეტროშიც, სადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. უშუალოდ აეროპორტში მჯდომარე პროტესტი 9 აგვისტოდან დაიწყო.

პრო-დემოკრატიული პროტესტის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი. BBC-ის ცნობით, ბანერების ნაწილზე მგზავრების მიმართ საბოდიშო ტექსტებია დატანილი, არაერთ დემონსტრანტს კი ცალი თვალი ახვეული აქვს ექიმისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელმაც პოლიციის მიერ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

დაძაბულობის ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ორივე მხარეს თანამშრომლობისა და დიალოგისაკენ მოუწოდა. გაეროს უმაღლესმა კომისარმა დაგმო ძალადობრივი ქმედებები და აქციის ყველა მონაწილეს მოუწოდა, პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გამოხატონ.

პროტესტი ჰონგ კონგში. ფოტო: EPA/LAUREL CHOR

ამ ფონზე, ჩინეთის მთავრობასთან აფილირებული მედიასაშუალებები სამხედრო ძალის მობილიზებაზე საუბრობენ. სახელმწიფო ტაბლოიდმა Global Times-მა ორშაბათს, შუადღისას გაავრცელა ვიდეო, სადაც ჰონგ-კონგის მოსაზღვრე ქალაქ შენჯენში სახალხო შეიარაღებული პოლიციის შენაერთები ჩანან.

ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული გაზეთი The People’s Daily კი სოციალურ მედიაში წერს, რომ შენჯენში მყოფი შეიარაღებული პოლიცია “შეტაკებებთან, არეულობასთან, ძალადობასთან, კრიმინალსა და ტერორიზმთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებთან” გასამკლავებლად ემზადებოდა.


აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო. თავდაპირველად, დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ ახლა უკვე თაროზე შემოდებულ კანონპროექტს, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ. შემდგომ, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

1997 წელს ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ მას ექნებოდა ავტონომია. გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებდა. ლიდერების დაპირება ასეთი იყო – ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი