ახალი ამბები

ჩვენი ტელევიზიის თავს შემთხვევით არაფერი ხდება – ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი

13 აგვისტო, 2019 • 1718
ჩვენი ტელევიზიის თავს შემთხვევით არაფერი ხდება – ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი

ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი  ტელეკომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევით აღნიშნული ტელევიზიის გარშემო არაფერი ხდება.

“წინასწარი შეფასებები არ მიყვარს, თუმცა ამ მოვლენების ფონზე, რაც ბოლოს ვითარდებოდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დაემთხვა ეს შემოტევა. მე ასე მგონია, რომ შემთხვევით ჩვენი ტელევიზიის თავს არაფერი არ ხდება. თუმცა, ხომ გეუბნებით, ვერაფერს ვიტყვით ახლა გარდა იმისა, რომ არის ეს შემოტევა და ძალიან უდროოა ეს შეტევა ჩვენს მაუწყებელზე”, – აღნიშნა ნანა აბურჯანიძემ “პირველის” ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, ტელევიზიაში მისულმა გამომძიებლებმა მხოლოდ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვეს, შეფასება კი ამ ეტაპზე არც მათგან მოუსმენია.

“პროგნოზი და შეფასება მათ არ გაუკეთებიათ. ერთადერთი, რაც გამოითხოვეს ჩვენი IT-ის წარმომადგენლებისგან, ეს დეტალური ჩანაწერები და კომპიუტერული ისტორია, ასე ვთქვათ, ამ მოვლენისა, რომ დადგინდეს, საიდან წამოვიდა ეს შეტევა. ამის იქით მათ არაფერი უთქვამთ და არანაირი შეფასება არ გაუკეთებიათ”, – აღნიშნავს ნანა აბურჯანიძე.

დღეს დილიდან ტვ “პირველი” შეფერხებით მუშაობს, რისი მიზეზიც, როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსია.

დილით, არხის ფეისბუკ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა. 2-საათიან საინფორმაციო გადაცემაში კი წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ მაყურებლებს განუმარტა, რომ არხს კიბერთავდასხმის გამო მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია.

ტვ “პირველის” მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა – რას ნიშნავს ეს

მასალების გადაბეჭდვის წესი