ახალი ამბები

ჩემი ძმა, ფაქტობრივად, პარალიზებული რჩება – თორნიკე მამალაძე სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

12 აგვისტო, 2019 • 1129
ჩემი ძმა, ფაქტობრივად, პარალიზებული რჩება – თორნიკე მამალაძე სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის დაუყოვნებლუვ გათავისუფლებას ითხოვს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ციხეში მოინახულა გიორგი მამალაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომაროება მიმდინარე წლის თებერვალში გადატანილი ინსულტის შემდეგ მძიმე რჩება.

“ჩემი ძმა პარალიზებული რჩება. თებერვლიდან დღემდე წოლით რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას, დამოუკდიებლად წამოჯდომაც კი არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგანაც როდესაც ღუდუშაურში იყო გადაყვანილი, ექიმებმა დადეს დასკვნა, რომ ამ ადამიანის ციხის პირობებში გამოჯანმრთელება შეუძლებელი იყო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძე ზემოაღნიშნული მოთხოვნით სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს, თუმცა სად და რა ფორმით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვს. ის აპირებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბროს.

“მოგეხსენებათ, თებერვლიდან  საპატრიარქოსთან აქციებს ვმართავდი, კარავი მქონდა გაშლილი, მაგრამ ამ საქმეში გამოუცდელი ვიყავი, რაც საპატრიარქოს წარმომადგელებმა სათავისოდ გამოიყენეს. მათ მითხრეს, რომ თუ მე შევწყვეტდი აქციებს და გავჩუმდებოდი, ჩემს ძმას გამოუშვებდნენ. რა ფორმით მოხდებოდა ეს სამართლებრივად? – ალბათ, პრეზიდენტის შეწყალებით, მაგრამ ისინი გვიშუამდგომლებდნენ და პირდპაირ მეუბნებოდნენ, რომ გამოუშვებდნენ. სამწუხაროდ, მათ მე მომატყუეს. ამიტომ გადავწყვიტე, სექტემბრიდან ისევ გავააქტიურო აქციები. გარდა ამისა, ვაპირებ საუბარს [საპატრიარქოში არსებულ] პრობლემებზე, რაც უმრავლესობამ იცის, მაგრამ ღიად ვერავინ საუბრობს. იმ წერილებზეც ვისაუბრებ, რომლებიც ჩემმა ძმამ საპყრობილიდან გამოაგზავნა”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის თქმით, ასეთი პირობა კონკრეტულად საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესგან მიიღო. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა და მისი სურვილის შემთხვევაში, ჯაღმაიძის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის პოზიციას, იქ ამბობენ, რომ გიორგი მამალაძეს “მისი საჭიროებიდან გამომდინარე ყველა სათანადო სამედიცინო სერვისი მიეწოდება”, თუმცა კონფიდენციალურობის დაცვის საბაბით, პატიმრის ჯანმრთელობის მგომარეობაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ახმაურებენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი