პარტია “მუსავატ”-ის აქტივისტის ფარაჯ ქერიმლის ძმა სირაჯ ქერიმლი ბაქოში, 2015 წლის ივლისში დააკავეს. სამართალდამცავების მტკიცებით, მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა.
12 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე ქერიმლის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, ნებართვა მიეცა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, გამოსულიყო რკინის გისოსებიდან და ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო.
“ბრალდებულის გალიაში მოთავსება უკანონოა. ეს ადამიანის ღირსებას ლახავს და ეწინააღმდეგება იმ კონვენციების ნორმებს, რომელსაც აზერბაიჯანი შეუერთდა”, – განაცხადა ქერიმლის ადვოკატმა.
სასამართლოს შემადგენლობამ, თათბირის შემდეგ, უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ამის შემდეგ პროცესზე წაიკითხეს საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმადაც, სირაჯ ქერიმლი 17 ივლისს, ბაქოში, საბაილის რაიონში მდებარე კაფეში დააკავეს და მისგან 3,185 გრ. ჰეროინი ამოიღეს.
“ბრალდებების არსი ჩემთვის ნათელია, მაგრამ არ ვაღიარებ თავს დამნაშავედ. გამოძიების ამ ეტაპზე მე უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე”, – განაცხადა სირაჯ ქერიმლიმ სასამართლო პროცესზე.
2015 წლის ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება ასევე სირაჯ ქერიმლის ძმა, პარტია “მუსავატ”-ის აქტივისტის ფარაჯ ქერიმლი. გამოძიების ინფორმაციით, იგი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და სოციალურ ქსელებში ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდის ბრალდებით დააკავეს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |