ახალი ამბები

არც იფიქროთ ჩემს გირაოს ანგარიშზე თუნდაც თეთრის შეტანა – გვარამია მხარდამჭერებს მიმართავს

12 აგვისტო, 2019 • 968
არც იფიქროთ ჩემს გირაოს ანგარიშზე თუნდაც თეთრის შეტანა – გვარამია მხარდამჭერებს მიმართავს

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეგობრებს და მხარდამჭერებს თხოვნით მიმართავს, მისი გირაოს ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ.

გვარამიას თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს გირაოს თანხა და დაპატიმრებულ იქნას, სრულად შეგნებულია და მორალურ კომპრომისს ვერ დაუშვებს.

“წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეციალურ ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება. ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გაარჩენს შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან.

“დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემს გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე”, – აცხადებს გვარამია.

თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ასევე, მას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლა პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი