ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს გვარამიასთვის აღკვეთის შეფარდების მოთხოვნით მიმართა

10 აგვისტო, 2019 •
პროკურატურამ სასამართლოს გვარამიასთვის აღკვეთის შეფარდების მოთხოვნით მიმართა

განახლება, 16:10 – როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, პროკურატურამ მისთვის გირაოს სახით 80 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა, პროცესი კი დღეს, 10 აგვისტოს, 20 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურორი. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამის შესახებ საქმის პროკურორი უშუალოდ სასამართლოში ისაუბრებს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. როგორც სასამართლოში ნეტგაზეთს განუცხადეს, საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი კერატიშვილს.

მოსამართლე კერატიშვილი 2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნად; 2012-2015 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, 2016 წლის 14 ივლისის 1/164 გადაწყვეტილებით კერატიშვილი სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ;

ნიკა გვარამიას თქმით, ის არ დათანხმდება არანაირი აღკვეთის ღონისძიებას, გარდა პატიმრობისა. როგორც ის ამბობს, არ აპირებს გადაიხადოს გირაო და ასევე არ დაემორჩილება შინაპატიმრობის წესებს და პროკურატურას მისი დაპატიმრება მოუწევს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი