ახალი ამბები

წავალ პოლიტიკაშიც და ყველგან, სადაც ივანიშვილს ასამარებენ – გვარამია

9 აგვისტო, 2019 • 1986
წავალ პოლიტიკაშიც და ყველგან, სადაც ივანიშვილს ასამარებენ – გვარამია

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის მონაწილეობას მიიღებს ყველა პლატფორმაში, რომელიც “ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს”.

ეს არ არის ჩემი არჩევანი, ეს ივანიშვილის არჩევანია. მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს და მოვუწოდებ ყველას, დროა გაერთიანებისთვის. საქართველოში ხდება ის, რაც რუსეთში. საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლის წინ, სადაც მას დღეს წარდგენილი ბრალი გააცნეს.

მთავარ პროკურატურასთან შეკრებილები იყვნენ ნიკა გვარამიას მეგობრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე, აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები.

პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალდების ფურცელი დემონსტრაციულად დახია. მისი თქმით, ივანიშვილი საქართველოში რუსული დიქტატურის ანალოგს ამკვიდრებს.

ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად დაისჯება ყველა პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე, რომელიც ივანიშვილს ხელს უწყობს პოლიტიკურ რეპრესიებში.



დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, ინტერმედიამ გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა.

ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი