ახალი ამბებისამართალი

ბაქრაძე გვარამიასთვის ბრალის წარდგენას “პირად შურისძიებას” უწოდებს

9 აგვისტო, 2019 • 3989
ბაქრაძე გვარამიასთვის ბრალის წარდგენას “პირად შურისძიებას” უწოდებს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახეზეა შერჩევით სამართალი.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლება კერძო კომპანიის დირექტორის საქმიანობით არის დაკავებული.

ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია-ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად – კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში… კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება და პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. პარალელურად, ეს არის მცდელობა, ხელი შეუშალონ ნიკა გვარამიას მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნაში”, – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი.

იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, დავით ბაქრაძე ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებს იხსენებს:

მოდი, შევხედოთ პროცესს დინამიკაში – დღეს ბრალი წაუყენეს, რუსთავი 2-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ TV პირველის მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს, ნიკა მელიას”.

დავით ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების დაწყება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს ქართული ოცნების დასასრულს.


დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, ინტერმედიამ გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა.

ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.


ნიკა გვარამიამ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ “კორუფცია არის თემა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები ემსუბუქება”. როგორც გვარამია წერს, “ეს არის მისი წითელი ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილმა მეორედ გადაკვეთა”.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი