ნეტგაზეთი | ბავშვთა სახლები კანონს მიღმა ბავშვთა სახლები კანონს მიღმა – Netgazeti
RU | GE  

ბავშვთა სახლები კანონს მიღმა

საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლი და რამდენიმე პანსიონია, სადაც სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. მსგავსი ტიპის დაწესებულებები აქვს საქართველოს სამუფთოსაც. მარტო აჭარაში 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რელიგიური კონფესიებისა თუ სხვა კერძო პირების მფლობელობაში არსებული ბავშვთა სახლები, სადაც ბავშვთა რაოდენობა 10-ს აღემატება, წინააღმდეგობაში მოდიs სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტიპის ბავშვთა სახლების კანონმდებლობაში მოსაქცევად ახალი რეგულაციების შემუშავებას აპირებს. 

აჭარის ტერიტორიაზე სამუფთოს დაქვემდებარებაში 24 სკოლა-პანსიონია, სადაც 600-მდე არასრულწლოვანი ცხოვრობს, აქედან 150 გოგონაა. საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში კი სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლია – ბათუმში, ნინოწმინდასა და ბედიანში, სადაც მთლიანობაში 334 ბავშვი ცხოვრობს. პანსიონების ზუსტი რაოდენობის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. რამდენიმე თვის წინ კი, როგორც სამინისტროში განაცხადეს, საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევით ქობულეთში კიდევ ერთი დიდი ზომის პანსიონი გაიხსნა, სადაც 20-მდე აღსაზრდელი იმყოფება.

 

საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა საკითხებზე ბათუმში
საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა საკითხებზე ბათუმში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს ასეთი ტიპის ბავშვთა სახლები. სახელმწიფო აღიარებს, რომ რელიგიური ინსტიტუციების დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. უფრო მეტიც, ბავშვთა სახლების დაფინანსების ძირითადი წყარო დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტია, რადგან საქართველოს საპატრიარქოც ბიუჯეტიდან ფინანსდება. აჭარის მთავრობა კი აპირებს სამუფთოს გადასცეს მიწა მედრესეს ასაშენებლად, რომელიც პანსიონის პრინციპით იმუშავებს და ბავშვები იქაც 24 საათის განმავლობაში იცხოვრებენ.

 

სამინისტროს მიაჩნია, რომ დაწესებულება, რომელიც ბავშვზე ზრუნვას 24 საათის განმავლობაში ახორციელებს, სახელმწიფო რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს. „ლიცენზიის აღებას ექვემდებარებოდა ქობულეთის ბავშვთა პანსიონიც, რომელიც უკანონოდ გაიხსნა. პანსიონში ბავშვები სახელმწიფოს გვერდის ავლით, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობის გარეშე მიიღეს, რაც კანონის დარღვევაა“, – ამბობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშაძე. მისი თქმით, კანონი მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის სახლების არსებობას და მინდობით აღზრდას ითვალისწინებს.


„ბათუმელების“ კითხვას, როგორ უნდა გაძლიერდეს ბიოლოგიური ოჯახები, რა რესურსი აქვს ამისთვის სახელმწიფოს? დავით სერგეენკომ ასე უპასუხა: „ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება გრძელვადიანი პროცესია. რეფორმის შედეგია ის, რომ 2005 წლის შემდეგ 4 500 ბავშვიდან დიდი ზომის ბავშვთა სახლებში დღეს მხოლოდ 500-მდე ბავშვია დარჩენილი. ნელ-ნელა ეს პროცესი უნდა მივიდეს იქამდე, რომ არც მცირე ზომის სახლები გახდეს საჭირო“.

 

დავით სერგეენკოს აზრით, ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება მიუღებელია მინდობით აღზრდისთვის განკუთვნილი რესურსით.
„თუ ჩვენ ხისტად გადავჭრით ამ საკითხს და იმ თანხას, რასაც მინდობით აღზრდაში ვიხდით, ბიოლოგიურ ოჯახებთან გადავამისამართებთ, ეს იქნება მაპროვოცირებელი ფონი რიგი ოჯახებისთვის, რომლებიც ხელოვნურად შექმნიან პრობლემას და თანხას გამოიყენებენ არამიზნობრივად“.

 

კითხვაზე, ხომ არ აპირებს სახელმწიფო საპატრიარქოს ბავშვთა სახლების ფინანსური რესურსის გამოყენებას ბიოლოგიური ოჯახების გასაძლიერებლად? – მინისტრი პასუხობს: „საპატრიარქოსთან მე, პირადად, არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა, მათი ბავშვთა სახლებიც ემორჩილებიან კანონსა და მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკა და კანონი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს შედეგი“.


რამდენად მისაღებია სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიური კონფესიებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებს ფლობენ და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ როლს ოჯახების გაძლიერებაში? ამ კითხვით საქართველოს საპატრიარქოსა და სამუფთოს მივმართეთ. სრულიად საქართველოს მუფთის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მათ ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვთ. „არ ვიცი, ეს რამდენად მოსახერხებელია. გავეცნობით მთავრობის მოსაზრებებს და ვნახოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ სამუფთოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ნადირაძემ.

 

საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე უცნობია, რადგან მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

 

ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში აქტიურად არის ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ არა თუ მიუღებელია დიდი ზომის ბავშვთა სახლების გახსნა ან მათი ხელშეწყობა, „ასეთი ტიპის ბავშვთა სახლები ან პანსიონები საერთოდ უნდა გაქრეს“.

 

„რატომ არ ზრუნავს, ვთქვათ, საპატრიარქო ამ ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებაზე, მე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ არც უფიქრიათ იმაზე, რა უფრო უკეთესი იქნება ამ ბავშვებისთვის“, – ამბობს ის.

 

ანას აზრით, ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სახლების მფლობელები აქცენტს აკეთებენ მატერიალურ ღირებულებებზე და ნაკლებად ფიქრობენ ბავშვის რეალურ ინტერესებზე: „მათი აზრით, ვთქვათ, სუფთა ტანსაცმელი ან კარგად მოწყობილი ოთახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ბავშვისთვის ბიოლოგიურ ოჯახში განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს განვითარების პერიოდში სჭირდება მხარდაჭერა, დადებითი ემოციის მიღება, რომ ბავშვს უნდა აღიქვამდნენ როგორც ინდივიდს და არა როგორც ჯგუფის წევრს“.

 

ანა აბაშიძის თქმით, ზოგადად, სასულიერო სასწავლებლების არსებობა არ არის პრობლემა, რადგან კონკრეტულ კონფესიაში ბავშვის აღზრდა არის მშობლის პრეროგატივა. პრობლემა დიდი ზომის ბავშვთა სახლებია, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი.


„გარდა ამისა, საკანონმდებლო რეგულაცია თანაბრად უნდა ეხებოდეს როგორც სასულიერო ხაზით, ასევე არასასულიერო ხაზით არსებულ ბავშვთა სახლებს“. 

 

ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ხელმძღვანელი, გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები პრობლემას ვერ მოაგვარებს. “სამწუხაროდ, ბიოლოგიური ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ ამართლებს, რადგან ეს თანხა ბავშვების საჭიროებებს არ ხმარდება და ბავშვის უფლებები ბიოლოგიურ ოჯახშიც ირღვევა“, – მიაჩნია ფონდის ხელმძღვანელს. მის მოსაზრებას არ იზიარებს ანა აბაშიძე: „ბიოლოგიური ოჯახის უზრუნველყოფა გაცილებით ნაკლებხარჯიანია, ვიდრე იმ სახლებში ბავშვების შესახლება, რომლებსაც ისინი აფინანსებენ. გაცილებით მარტივდება მენეჯმენტიც. ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ოჯახში, ან მცირე ზომის ოჯახთან მიახლოებულ სახლში. ცხადია, არც მცირე ტიპის ბავშვთა სახლებია ბავშვებისთვის საუკეთესო შეთავაზება, მაგრამ სახელმწიფოებმა გარდამავალ ეტაპზე სწორედ ასეთი გზა აირჩიეს“.

 

როგორც ანა აბაშიძე ამბობს, ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გარკვეული ღონისძიებების გატარებას აპირებს ქობულეთის პანსიონთან დაკავშირებით. „ჩვენი მიზანია ეს ბავშვები დავაბრუნოთ ბიოლოგიურ ოჯახებში. რაც შეეხება სასულიერო სასწავლებლებს, მათთან დაკავშირებითაც შემოვა საკანონმდებლო რეგულაციები“, – ამბობს ის.

 

ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში განვითარების მომხრეა გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძეც: „ბავშვზე 24-საათიანი ზრუნვის სისტემა მთლიანად სახელმწიფო ხედვის ქვეშ უნდა მოექცეს, სახელმწიფოს ამოსავალი პრინციპია, დავეხმაროთ ოჯახს. ამიტომ, იქნება ეს საპატრიარქო, სამუფთო თუ სხვა კერძო პირი, სასურველია მათი დახმარება მიმართული იყოს კონკრეტული ოჯახების გასაძლიერებლად“.

 

ფონდის წარმომადგენლის თქმით, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა შეუძლია მხოლოდ ბავშვზე ზრუნვის ორგანოს, იმ შემთხვევაში თუ არსებობს მკაფიოდ გამოხატული მიზეზები და ბავშვი ოჯახთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში უნდა განთავსდეს. „სხვა ყველაფერი არაკანონიერი და რისკების შემცველია“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები" ლელა დუმბაძე