ახალი ამბები

გვარამია: “მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე, რატომ? 19 საათზე ვიტყვი”

9 აგვისტო, 2019 • 2187
გვარამია: “მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე, რატომ? 19 საათზე ვიტყვი”

“მე არ ვიცი, თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გვარამიას არ დაუკონკრეტებია, რატომ და თქვა, რომ ამის შესახებ ვრცლად დღეს, 19 საათზე ისაუბრებს, როდესაც პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდება.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა. უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, ბრალის წარსადგენი. კონტრაქტი რატომ დადევი ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა ბოდვაა”, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, კონტრაქტი მისი შედგენილი არ არის და სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ არის გავლილი, თუმცა საბოლოო ხელმოწერა მას ეკუთვნის.

“ასეთი კონტრაქტისთვის შეიძლება დადგეს სამოქალაქო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ. შუა წელიწადში როცა ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი მხრიდან ზეწოლა იყო ინტერმედიაზე, ჩავსვი ადამიანი, რომელიც ამას უყურებდა შემოსავლებს. მათ შეეძლოთ იურიდიულად ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონრაქტს-მეთქი. ეს სამეწარმეო ზეწოლა იყო იმიტომ, რომ ისინი დამოკიდებულები არიან ჩემზე. რა მოხდა? მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მლნ ნამატი”, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ფუნდამენტური და პიარისთვის გახმიანებული ტყუილი ბრალდებაში ეხება “ბინების მოპარვას”.

“კორუფციის ბრალდებას ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით იმიტომ, რომ ყველა საბუთი ამოღებული აქვთ “ინტერმედიიდან” – ის ხელშეკრულებაც და სესხის დახურვის ხელშეკრულებაც”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი2 “-ის საქმეზე არხის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურატურა ირწმუნება, ნიკა გვარამიამ შპს “ინტერმედიას” მიანდო “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი. გარდა ამისა, პროკურატურა განცხადებაში მიუთითებს, რომ “ინტერმედიამ” გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა. პროკურატურის ბრალდების შესახებ წაიკითხეთ ვრცლად:

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი