ახალი ამბები

რას გეგმავს ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში

12 თებერვალი, 2015 • 1295
რას გეგმავს ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში

ზაქარია ქუცნაშვილი იმ 28 კანდიდატს შორის არის, ვინც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინეს. პრეზიდენტმა კანდიდატი პარლამენტს 23 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს.

 

ქუცნაშვილმა საკუთარი პროგრამა 12 თებერვალს “თბილისი მარიოტში” იურისტებს და იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს წარუდგინა, ვინც ქუცნაშვილი კანდიდატად დაასახელა.

ქუცნაშვილის პროგრამის თანახმად, უნდა გაიზარდოს სასამართღლო დასაბუთებულობის სტანდარტი და მოსამართლეები განაჩენების გამოტანის დროს ვალდებული უნდა იყვნენ, რომ  დაასაბუთონ მტკიცებულების როგორც გაზიარება, ასევე – არგაზიარებაც.

ზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი

 

ქუცნაშვილის პროგრამა მოსამართლის მიერ კონკრეტული საქმის შეჩერებას და საკონსტიტიციო სასამართლოში ამა თუ იმ ნორმის “გასწორების მიზნით საქმის წარმართვასაც ითვალისწინებს:

“ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც ჩათვლის, რომ ესა თუ ის ნორმა ეწინააღნდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, მოითხოვოს საქმის შეჩერება და საქმე წარმართოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმის გასწორების მიზნით. ხალხის საწინააღმდეგო ნორმები არსებობს და ხალხის საწინააღმდეგო კანონებს გასწორება ჭირდება. სასამართლო პრაქტიკა ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ამისთვის,“– ამბობს ქუცნაშვილი.

 

რაც შეეხება ასაკობროვ ცენზს, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ შემოღებული უნდა იყოს დიფერენცირებული ასაკობრივი ცენზი: 30 წელი პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, 35 წელი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის და 40 წელი საკასაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის.

 

“რაც შეეხება ნამსახურობის ცენზს, ასევე ზრდადი უნდა იყოს ნამსახურობის ცენზი. დღეს არის 5–წლიანი ნამსახურობის ცენზი პროფესიული საქმიანობის ცენზი და თუ 5 წელი მუშაობს, ის უკვე შეიძლება დაინიშნოს უზანაესი სასამართლოს მოსამართლედ. მე ვამბობ, რომ მინიმუმ 15–20 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს იურისპრუდენციაში, რომ ადამიანს ჰქონდეს პრეტენზია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესების. მინიმუმ 10 წლის მუშაობის გამოცდილების მქონეს უნდა ჰქონდეს პრეტენზია სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ გამწესების და ა.შ.”– ამბობს დეპუტატი.

 

გარდა ამისა, ქუცნაშვილი სახელმწიფო ბაჟის შემცირების ინიციატივითაც გამოდის:

“დღეს სამოქალაქო დავებში საკმაოდ მაღალია სახელმწიფო ბაჟი და სამოთახიან ბინაზე დავის შემთხვევაში, მოქალაქეებს 3 000 ლარამდე ბაჟის გადახდა უწევთ სასამართლო უფლების სარგებლობისთვის. ამიტომაც სასამართლოს ხელმისაწვდომობის მიზნით მე გთავაზობთ, რომ შევამციროთ სახელმწიფო ბაჟი და ამით მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ საერთო სასამართლოების სისტემა,”– განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი