ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ემინ ჰუსეინოვი შვეიცარიის საელჩოს აფარებს თავს

12 თებერვალი, 2015 • 1163
აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ემინ ჰუსეინოვი შვეიცარიის საელჩოს აფარებს თავს

“2014 წლის აგვისტოში, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გატარებული უპრეცედენტო რეპრესიების პიკში, ემინ ჰუსეინოვი იძულებული გახდა დამალულიყო. 11 თებერვალს, შვეიცარიის ნაციონალურმა ტელევიზიამ გადაცემაში Rundscahu გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსეინოვი, 2014 წლის აგვისტოდან, აზერბაიჯანში შვეიცარიის საელჩოში ცხოვრობს”, – ნათქვამია ნორვეგიული ფონდის მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ემინ ჰუსეინოვი; ფოტო: kavkaz-uzel.ru
ემინ ჰუსეინოვი; ფოტო: kavkaz-uzel.ru


“რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ემინ ჰუსეინოვმა საელჩოს მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც ხელისუფლებამ მისი ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ორგანიზაციის ჟენევის ოფისის ხელმძღვანელის ფლორიან ირმინგერის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად “რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” ბაქოს ოფისს აღჭურვილობა და დოკუმენტაცია ჩამოართვეს.

 

“კავკაზსკი უზელი” რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუსეინოვმა თავი შვეიცარიის მოქალაქედ გაასაღა და ასე შეძლო პოლიციის დევნისგან თავის დაღწევა.

 

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაცემაში Rundscahu დაადასტურა, რომ დიპლომატიურმა უწყებამ ჰუსეინოვს თავშესაფარი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისცა.

 

“მას შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ სიტუაციიდან გამოსვლის გზებს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ოფიციალურ პირებთან”, – ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, წერს “კავკაზსკი უზელი”.

 

კომენტარებისაგან თავს იკავებენ “რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” წარმომადგენლები. როგორც მათ “კავკაზსკი უზელს” განუცხადეს, ჰუსეინოვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ თავსუფლების აღკვეთამ ჰუსეინოვის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

 

“რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” ჟენევის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჰუსეინოვს უკვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც შედეგია პოლიციის მიერ მისი ცემისა 2003 და 2008 წლებში.


“პატიმრობამ, იმის გათვალისწინებით თუ როგორი ცუდი პირობებია და როგორ ექცევიან პატიმრებს აზერბაიჯანის ციხეებში, შესაძლოა უფლებადამცველის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეუქმნას. ის ფაქტი, რომ პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი და ინტიგამ ალიევი ვერ სარგებლობენ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ იღებს ყველა საჭირო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პატიმრების ჯანმრთელობას რამე ზაინი არ მიადგეს”, – აცხადებს ორგანიზაციის ჟენევის ოფისის ხელმძღვანელი ფლორიან ირმინგერი.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი