ახალი ამბები

საქართველოსა და დასავლეთში ვერ გამოიტანეს დასკვნები 2008-ის ომიდან – რუსეთის საგარეო

9 აგვისტო, 2019 • 1140
საქართველოსა და დასავლეთში ვერ გამოიტანეს დასკვნები 2008-ის ომიდან – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა “ამ ტრაგიკული მოვლენებიდან” გაკვეთილი ვერ ისწავლეს.

“ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის ხელისუფლებამ,  ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევით, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ქართულმა არტილერიამ ცხინვალი მასობრივად, სამხედრო ობიექტების და საცხოვრებელი კვარტლების განურჩევლად დაცხრილა. შტურმი მიიტანეს რუს მშვიდობისმყოფელებზე, რომელთგან 10 დაიღუპა.  სულ 48 რუსი სამხედრო დაიღუპა, 162 კი დაიჭრა”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვის მტკიცებით, “ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო”, რაც შემდეგ ჰაიდი ტალიავინის დასკვნამ დაადასტურა.

“სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ და ანალოგიური ქმედების მზადებამ აფხაზეთის წინააღმდეგ, რაც ამ ერების მიმართ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაციად იქცა, არ დაუტოვა მათ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ უზრუნველეყოთ საკუთარი უსაფრთხოება და არსებობის უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისას მოსკოვმა საერთშორისო სამართლის პრინციპებითა და დოკუმენტებით იხელმძღვანელა.

“ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც შედგნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და დასძენს, რომ მოსკოვის პოლიტიკა, დაეხმაროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მათ შორის, ფინანსური და საინვესტიციო პროგრამების სახით, სრულიად გამჭვირვალეა.

“მწუხარებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვერც საქართველოში და ვერც დასავლეთში ვერ გამოიტანეს დასკვნები 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან. იმის მაგივრად, რომ ძალისხმევა მიმართონ წარსულის ტვირთის დაძლევაზე, ხელი შეუწყონ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს საქართველოს, აფხაზეთსა და სახმრეთ ოსეთს შორის, ოფიაციალური თბილისი და მისი აქტიური მხარდამჭერი დასავლეთის სახელმწიფოები ისევ და ისევ აღვივებენ ანტირუსულ ისტერიას, ზრდიან შეიარაღებას რეგიონში და უცერემონიოდ მიათრევენ საქართველოს ნატო-ში. ეს ჩიხია, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი აცხადებს, რომ “არ დაიშურებს, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგის და მოლაპარაკებების სრულფასოვანი პროცესის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას”.

“ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ პირველი ნაბიჯი ამ გზაზე უნდა იყოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აღიარონ სამხრეთ კავკასიაში შემქნილი გეოპოლიტიკური რეალობა”, – ნათქვამია განცხადებაში.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი