ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭოს 6-მა წევრმა და ესტონეთმა აგვისტოს ომზე ერთობლივი განცხადება მიიღეს

9 აგვისტო, 2019 • 1943
გაეროს უშიშროების საბჭოს 6-მა წევრმა და ესტონეთმა აგვისტოს ომზე ერთობლივი განცხადება მიიღეს

8 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ, პოლონეთის თავმჯდომარეობით, დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი 6 სახელმწიფოს – აშშ-ის, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და საბჭოს მომავალი წევრის, ესტონეთის  წარმომადგენლები მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ.

“დღეს, 7 აგვისტოს 11 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს კონფლიქტის შემდეგ. ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპნენ ამ ომში და დაკარგეს საკუთარი სახლები. ვწუხვართ, რომ ძალიან მცირეა პროგრესი კონფლიქტის გადაწყვეტის კუთხით მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნეს, რომ ეს ქმედებები ხელს უწყობს დესტაბილიზაციას როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მხარეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა დევნილთა უფლებებისადმი, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი ამ მიმართულებით პროგრესის არარსებობის გამო. განცხადების ავტორებმა რუსეთს მოუწოდეს, შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მისცენ.

გაეროს შტაბბინიდიან ია მერკვილაძის რეპორტაჟი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს 11 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები – გაეროს წევრები აგვისტოს ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი