ახალი ამბები

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სპეცრაზმმა მესამე მცდელობით დააკავა

8 აგვისტო, 2019 •
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სპეცრაზმმა მესამე მცდელობით დააკავა

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სპეცრაზმმა მესამე მცდელობით დააკავა. მანამდე სამართალდამცველებლმა ატამბაევის სახლში 2 სპეცოპერაცია ჩაატარეს, თუმცა მისი დაკავება ვერ მოახერხეს.

ამჯერად, მესამე მცდელობის დროს, სპეცრაზმელებმა ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს.

ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების სპეცოპერაცია გუშინ, 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყო. სპეცრაზმელებმა რეზიდენციაში შესვლა 2-ჯერ შტურმით სცადეს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაშავებულია, სულ მცირე, 52 ადამიანი, ერთი სპეცრაზმელი კი ოპერაციისას გარდაიცვალა.

სპეცრაზმი ამბობს, რომ შტურმისას გამოიყენეს მხოლოდ რეზინის ტყვიები, ცეცხლსასროლი იარაღიდან კი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ესროდნენ. ამ ინფორმაციას უარყოფს თავად ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც ამბობს, რომ მის თანამოაზრეებს შურდულებიც კი არ ჰქონიათ.

“ჩემს მხარდამჭერებს შურდულებიც კი არ ჰქონიათ. ტელევიზიით სიცრუეს ავრცელებენ. მე მხოლოდ მაშინ ვისროლე, როდესაც ბიჭები მესამე სართულზე ამოვიდნენ. ვცდილობდი, მათთვის არ მომერტყა“, – ამბობს ატამბაევი განცხადებაში, რომელსაც შემდგომ Lenta ავრცელებს.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტი 2011 წლიდან 2017 წლამდე იყო. ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ატამბაევმა ახლანდელი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის კრიტიკა დაიწყო და მას “არალეგალური პრეზიდენტი უწოდა“, პარლამენტს კი -“ცინგლიანი“. სწორედ ამის შემდეგ, როგორც Meduza წერს, ყირგიზეთის საპარლამენტო კომისიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი წარსულში რამდენიმე კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული და მას „ექსპრეზიდენტის“ სტატუსი გაუუქმა.

ამასთანავე, გარდა კორუფციული გარიგებისა, საპარლამენტო კომისიამ ატამბაევი ყალბი სამედიცინო ცნობების საფუძველზე ადგილობრივი “კრიმინალური ავტორიტეტის“, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებაში დასდო ბრალი. ქვეყნის შსს-ს წარმომადგენლებმა ატამბაევი სამჯერ დაიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, თუმცა, ის არცერთხელ არ მივიდა.

ყირგიზეთის კანონმდებლობის მიხედვით, დაკითხვაზე სამჯერ არგამოცხადების შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ უფლება, მოწმე დაკითხვაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიიყვანონ.

გარეკანი ფოტო: Ria

ვრცლად ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სპეცოპერაციის შესახებ, წაიკითხეთ აქ:

ყირგიზეთში ექსპრეზიდენტის სახლის შტურმის დროს 52 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი